გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მხარდაჭერის აქტზე, რომლის მიღების ინიციტივით საქართველოს პრეზიდენტმა კონგრესს მიმართა, „რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში ისაუბრა. მარგველაშვილი ინიციატივის ერთ-ერთ მთავარ მოტივად ბრიტანეთსა და რუსეთს შორის დაზვერვის ყოფილი აგენტის მოწამვლის გამო გამწვავებულ ურთიერთობებს ასახელებს. ის მიიჩნევს, რომ საქართველო, როგორც დასავლეთის მოკავშირე ქვეყანა, ამ პროცესში ჩართული უნდა იყოს.
„რასაც თავის თავზე განიცდიან ჩვენი მოკავშირეები, მაგალითად, როგორიცაა თავდასხმა გაერთიანებულ სამეფოში, არის წინაპირობები პოლიტიკურ რიტორიკაში, სხვა ქმედებებშიც, რომ ისტორიის სვლის შეტრიალების მცდელობა იყოს სადმე, სადაც რუსეთის ფედერაცია მოახერხებს თავის უძლეველობის დემონსტრირებას. საქართველო არ უნდა გახდეს ეს შემთხვევა. მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ერთიანი სტრატეგიის შემუშავებაზე. გასაგებია, რომ გარკვეული მაპროვოცირებელი ამ მომენტში შეიძლება იყოს ის, რაც მოხდა სოლსბერში, მაგრამ ამ დიალოგში საქართველოს გარეშე საუბარი არის არასწორი. ეს დიალოგი უნდა მოიცავდეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვას, იმ ქვეყნებს ბევრად უფრო მეტად, რომლებშიც ჯერ კიდევ არ არის გამყარებული ნატოსა და ევროკაშვირის სტრუქტურები,“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ამერიკული მხარე საუბრობს და ამერიკის მოკავშირეების დასაცავად იდეას დასავლელი სპეციალისტები იზიარებენ, მათ შორის არის ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი. დეიმონ ვილსონმა „კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ აუცილებელია კონგრესმა სტრატეგია მოამზადოს თავისუფალი სამყაროს საზღვრების დასაცავად.
„ახლა კრემლი აგრესიულად უტევს დასავლეთსა და თავისუფალ სამყაროს, ვხედავთ თავდასხმებს ქიმიური იარაღით ბრიტანეთში, ომს - უკრაინაში, ოკუპაციასა და მცოცავ ანექსიას საქართველოში, ვხედავთ, რაც გააკეთა აქ, ამერიკულ არჩევნებში, ამის შესაჩერებლად ყოვლის მომცველი სტრატეგიაა აუცილებელი,“- აღნიშნა დეიმონ ვილსონმა.
ბრიტანეთის ყოფილი ელჩი საქართველოში, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის ბურუსით მოცული გარდაცვალების ფაქტს გამოეხმაურა.