ბრიტანელი პოლიტიკოსები ქიმიური თავდასხმის გამო მოსკოვის წინააღმდეგ დამატებით სადამსჯელო ზომებზე მუშაობენ. "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი ხელისუფლებას პოლიტიკური სისტემის რუსული ფულისგან გათავისუფლებას სთავაზობს. ჯერემი კორბინმა ტერეზა მეის კლანურ კაპიტალიზმთან ბრძოლისკენ მოუწოდა. ლეიბორისტების ლიდერი აცხადებს, რომ ხისტი ზომების ფონზე კონსერვატიული პარტია მდიდარი რუსებისგან შემოწირულობას იღებს, რაც დაუშვებელია. ოპოზიციურ პარტიაში აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ მოსკოვი სამაგალითოდ უნდა დასაჯოს და ქვეყანაში მისი გავლენის მოსასპობად ყველაფერი გააკეთოს. ოფიციალური ლონდონი რუსი დიპლომატების გასაძევებლად ემზადება. ეს ერთ-ერთი მთავარი ზომა გახდა, რომელიც მოსკოვის დასჯის მიზნით ტერეზა მეის ხელისუფლებამ შეიმუშავა. ანალოგიური ზომებით პასუხობს რუსეთიც. ლავროვის უწყებამ 23 ბრიტანელ დიპლომატს ქვეყნის დასატოვებლად ერთ კვირიანი ვადა მისცა.