რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები მთელი რუსეთის მასშტაბით დილის 09:00 საათზე გაიხსნა. პირველად, არჩევნები ტარდება ანექსირებულ ყირიმში, საარჩევნო უბნები გახსნილია ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთშიც. ვლადიმერ პუტინის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში 7 პრეზიდენტობის კანდიდატი იყრის კენჭს.
თუკი ვლადიმერ პუტინი ისევ პრეზიდენტი გახდება, საპრეზიდენტო სავარძელს ის მეოთხე ვადით დაიკავებს. პუტინი 1999 წლის შემდეგ რუსეთის ლიდერის პოსტს იკავებს. ამ დროის განმავლობაში, ის რუსეთის პრემიერ-მინისტრის პოსტსაც იკავებდა. დღევანდელ არჩევნებზე, ყველა სახელმწიფო უწყებაა მობილიზებული, რათა რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
პრეზიდენტის სავარძლისთვის იბრძვის ცნობილი ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი. სობჩაკის მამა სანქტ-პეტერბურგის პირველი მერი და ვლადიმერ პუტინის მეგობარი იყო. არსებობს ვარაუდი, რომ სობჩაკის დასახელება საპრეზიდენტო კანდიდატად, ალექსეი ნავალნის საკითხის უკანა პლანზე გადაწევის მიზნით მოხდა. ნავალინის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არ მისცა. ის ვლადიმერ პუტინის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგეა.
ასევე, არჩევნებში მონაწილეობას იღებს მილიონერი კომუნისტი პაველ გრუდინი, რომელიც კენჭს პრეზიდენტად პირველად იყრის.
კანდიდატებს შორის არის ვეტერანი ნაციონალისტი ვლადიმერ ჟირინოვსკი, რომელიც 4 საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას, თუმცა უშედეგოდ.
გარდა ამისა, კენჭს იყრის გრიგოლ იავლინსკი, რომელის „იაბლოკის“ თანადამფუძნებელია. ასევე სერგეი ბაბურინი, მაქსიმ სურეაკინი და ბორის ტიტოვი.