უკვე რამდენიმე საათია რუსეთში პრეზიდენტს ირჩევენ. ქვეყნის ლიდერის პოსტისთვის 8 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი. კანდიდატების უმეტესობამ საკუთარი არჩევენი უბნებზე უკვე გააკეთა.
რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატებმა პირველი განცხადებებიც გააკეთეს.
„ჩემთვის მისაღებია ნებისმიერი შედეგი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების უფლებას მომცემს. მე დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების პროგრამა, რომელსაც ხალხს ვთავაზობ, სწორია,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.
განცხადება გააკეთა "რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, რომელმაც აღნიშნა, რომ კანდიდატი, რომელიც პრეზიდენტი გახდება, არა მარტო რუსეთის, არამედ პლანეტის ლიდერი იქნება.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში, რადგან არჩევნები ტარდება ყველაზე დაძაბულ და წინა საომარ ვითარებაში. მუქარა ჩვენი ქვეყნის მისამართით ისმის ლონდონში, ვაშინგტონსა და ბერლინში. ჩვენი ქვეყანა ირჩევს რუსული სახელმწიფოს ლიდერს, რუსული სამყაროს მეთაურს, რომლის საზღვრებიც ჯერ კიდევ არ გვაქვს ბოლომდე დადგენილი. ეს სამყარო ახლა იქმნება, არჩეული პრეზიდენტი იქნება არა მხოლოდ რუსეთის, არამედ დედამიწის, პლანეტის უზენაესი მმართველი,“ - ამბობს ჟირინოვსკი.
წინასწარი ინფორმაციით, სიურპრიზები არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით არც ამჯერად იქნება და არჩევნებს დამაჯერებელი უპირატესობით, ვლადიმერ პუტინი მოიგებს.