ანექსირებულ ყირიმში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები პირველად ტარდება. საარჩევნო უბნები გახსნილია ასევე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რუსეთის არჩევნებზე ეუთო-ს დამკვირვებელთა დიდი რაოდენობაა წარმოდგენილი თუმცა, როგორც მისი წარმომადგენელი აცხადებს, ეუთო ყირიმში არჩევნებს არ აკვირდება.
„ეუთოს არჩევნებზე 291 ჯგუფი ყავს წარმოდგენილი მთელი რუსეთის მასშტაბით, რაც ნიშნავს, რომ გვაქვს დიდი ინფორმაცია სრული სურათის შესაქმნელად. ჩვენ არ გვყავს დამკვირვებლები ყირიმში, რადგან არ არსებობს კონსენსუსი ყირიმის საკითხზე,“ - ამბობს ეუთოს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი რუსეთში იან პიტერსონი.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე დარღვევების შესახებ ალექსეი ნავალნის ფონდში ისაუბრეს.
„ეს არჩევნები უკვე შეფასდა ხალხის ე.წ. მიყვანების არჩევნებად. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დარღვევები სწორედ საარჩევნო უბნებზე, ხალხის მასობრივ მიყვანებს ეხება,“ - განაცხადა ნავალნის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ივან ჟდანოვიმ.