სოლსბერიში მომხდარი ქიმიური თავდასხმის გამო ნატომ რუსეთს კოლექტიური პასუხი უნდა გასცეს - განცხადება ამერიკელმა სენატორმა მარკო რუბიომ გააკეთა.
„რესპუბლიკელმა“ სენატორმა გრუს ყოფილი აგენტის მოწამვლა ალიანსზე თავდასხმად შეაფასა და აღნიშნა, რომ წესდების თანახმად ნატოს წევრები ვალდებულები არიან, რომ საპასუხო ზომები კოორდინირებულად შეიმუშაონ. თუმცა მარკო რუბიომ სამხედრო ქმედება გამორიცხა.
მისი თქმით, დამატებით დიპლომატიურ და ეკონომიკურ სანქციებთან ერთად, ალიანსმა თავდაცვითი სტატუსის გაზრდაზე უნდა იმუშაოს, რაც რუბიოს აზრით, ვლადიმერ პუტინის გეგმებს მნიშვნელოვნად დააზიანებს.
სერგეი სკრიპალის მოწამვლაში კი ლონდონმა პირადად ვლადიმერ პუტინი უკვე ოფიციალურადაც დაადანაშაულა. საკუთარ პოზიციას ბრიტანეთი მტკიცებულებებით ამყარებს, რომელსაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას დღეს გააცნობს.