რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - საგარეო კომიტეტმა პარლამენტის რეზოლუციის პროექტს რუსეთის ფედერაციის ბოლოდროინდელ ქმედებებთან დაკავშირებით და ე.წ. ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნას მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ უნდა შეიქმნას ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია, რომელმაც კონკრეტული სანქციები უნდა დაუწესოს საოკუპაციო რეჟიმის კონკრეტულ წარმომადგენლებს.
იმის მიუხედავად, რომ რეზოლუციის სულისკვეთებას და საბოლოო მიზნებს ყველა პარტია იზიარებს, განხილვა მაინც ცხარე კამათის ფონზე წარიმართა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა, გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ პრემიერის რუსეთისადმი მიმართვა არასწორი ნაბიჯი იყო.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, არჩილ თალაკვაძე ბოკერიას კრიტიკას არ იზიარებს.
„პრემიერ-მინისტრის განცხადება იყო იმ ადამიანის და იმ პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა აღებული ქვეყნის მართვაზე და გუნდთან ერთად ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე,“ - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა მთავრობას რუსეთზე სანქციების დაწესების მიზნით ევროკავშირთან კონსულტაციების დაწყებისკენ მოუწოდა.
„საფუძვლიანი გადახედვა მოხდეს კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების ფორმატის. ეს ფორმატი გადაიხედოს, დაექვემდებაროს საპარალამენტო კონტროლს, განისაზღვროს მისი კონკრეტული მანდატი,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა,.
რაზეც, უმრავლესობის ლიდერმა უპასუხა, რომ საქართველოს მხრიდან წარმოებული მოლაპარაკების ფორმატს საერთაშორისო საზოგადოება მიესალმებიან.
თუმცა, ვინ მოხვდება ამ სანქციების სიაში უკვე აღმასრულებელი ხელისუფლების გადასაწყვეტი იქნება.
სწორედ მთავრობას დაევალა 15 ივნისამდე წარმოადგინოს ყველა იმ პირის სია, ვინც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაშია ბრალდებული ან მსჯავრდებული.