რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ რეზოლუციაში სანქციების დაკისრებას საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციაშიც მიესალმებიან. საგარეო კომიტეტმა პარლამენტის რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.
დოკუმენტში ასევე, აღნიშნულია, რომ უნდა შეიქმნას ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია. მთავრობამ 15 ივნისამდე უნდა წარმოადგინოს ყველა იმ პირის სია, ვინც საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაშია ბრალდებული ან მსჯავრდებული.
რეზოლუციის მიხედვით, პარლამენტი მთავრობას ავალდებულებს, რომ განისაზღვროს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის დადგენილებაზე პასუხისმგებელი უწყება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არ აკონკრეტებენ, რომელ უწყებას დაეკისრება პასუხისმგებლობა შსს-ს თუ სუს-ს.
ოპოზიციას სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით აქვს კითხვები, თუ რომელ უწყებას დაეკისრება პასუხისმგებლობა.
პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაკისრება მნიშვნელოვანია.
„ჩვენი პრინციპული მოთხოვნა აღნიშნულ რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო ის, რომ ტექსტში უნდა ჩადებულიყო რეალური ქმედითი ნაბიჯები რუსეთზე საერთაშორისო პოლიტიკური წნეხის გაზრდის მიზნით,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა, დავით ბაქრაძის თქმით, აღნიშნული დოკუმენტი რუსეთს, როგორც ოკუპანტს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას დააკისრებს.
„ეს დოკუმენტი დააწესებს კონკრეტულ მექანიზმებსაც იმისთვის, რომ ასეთი ტიპის დარღვევები აღარ მოხდეს, იმისთვის, რომ რუსმა თანამდებობის პირებმა, რომლებიც უკანონოდ არიან ცხინვალში და აფხაზეთში, ვეღარ გაბედონ თანამონაწილეობა და თვალის დახუჭვა ქართველების მკვლელობასა და გატაცებაზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამაც უნდა გაიგოს, ვინ შეუწყო ქართველების მკვლელობას ხელი.
„მთავრობას საკმაო მუშაობა აქვს ჩატარებული ამასთან მიმართებაში. თუმცა, პარლამენტის რეზოლუცია ამ მიმართებით თავის წონას და მნიშვნელობას არ კარგავს,“ - განაცხადა ვოლსკიმ.