20 ნოემბერი 2024,   11:14
ვრცლად
ოპოზიცია ხელისუფლებას კრიმინალთან ბრძოლაში პოლიტიკური ნების არქონაში ადანაშაულებს 

ცვლილებები ე.წ. ქურდულ სამყაროს შესახებ კანონპროექტში - საპარლამენტო ოპოზიცია შსს-ის ინიციატივას მიესალმება. დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა ე.წ ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.

ოპოზიციის წარმომადგენლები კანონში ცვლილებებს მიესალმებიან, თუმცა, აცხადებენ, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში არიან ისეთი წევრები, რომლებსაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან კონტაქტი აქვთ.

პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი კანონმდებლობის გამკაცრებას მიესალმება. სამადაშვილის თქმით, ხელისუფლებას კრიმინალურ სამყაროსთან ბრძოლის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როდესაც ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც თავს იწონებენ საკუთარი კავშირებით ქურდული სამყაროს წარმომადგენლებთან, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ კრიმინალური ქსელები არის ერთ-ერთი საყრდენი ხელისუფლების არჩევნების პერიოდში, კანონში ეს ცვლილება, ვფიქრობ, რომ რეალურად, არაფერს არ ცვლის,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ოთარ კახიძე აღნიშნავს, რომ კანონის გამკაცრებას და ცვლილებებს მიესალმება, თუმცა, ხელისუფლებას გამწვავებულ კრიმინალურ ფონზე პასუხისმგებლობას აკისრებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს თანამშრომლობა ქურდულ სამყაროსთან, მათი გამოყენება საარჩევნო მიზნებისთვის, მათი ექსპორტი და გადაცილება საზღვარზე და უცხოეთში გაშვება, ამის ნაცვლად პასუხისმგებლიანმა მთავრობამ უნდა მოახდინოს კანონიერი ქურდების და კრიმინალური ავტორიტეტების ექსტრადირება უცხოეთიდან საქართველოში და ჩასვას ისინი ციხეში. ის, რომ გამწვავდა კრიმინალური ფონი და ის, რომ ორგანიზებული დანაშაული მომძლავრდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, ამაზე პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება ხელისუფლებას,“ - განაცხადა კახიძემ. 

დღის ამბები