დასავლეთი ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობს. პირველი მისალოცი წერილები პუტინმა ოკუპირებული რეგიონების დეფაქტო ლიდერებისგან, დსთ-ს, აზიისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნების წარმომადგენლებისგან მიიღო. მათ შორის არიან სომხეთი, ვენესუელა, ბოლივია, ბელარუსი, ტაჯიკეთი, ჩინეთი და სხვა . ანუ ის ქვეყნები, სადაც რუსეთის გავლენა საკმაოდ დიდია. ევროპელ ლიდერებს კი გამარჯვება ვლადიმერ პუტინისთვის ჯერ არ მიულოცავთ.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ვლადიმერ პუტინმა ხმების თითქმის 77 პროცენტი დააგროვა და რეკორდული მაჩვენებლით გაიმარჯვა. შესაბამისად ლიდერი, რომელიც რუსეთს უკვე მე-18 წელია მართავს, მომდევნო 6 წლის განმავლობაშიც უხელმძღვანელებს. ოპოზიცია საარჩევნო პროცესის ტოტალურ გაყალბებაზე საუბრობს.
„ეს იყო ყველაზე ბინძური არჩევნები პოსტსაბჭოთა რუსეთში ამიტომ გული არ მწყდება. ნავალნი მართალი აღმოჩნდა. ერთი კაცი ორჯერ და სამჯერ აძლევდა ხმას უბანზე და მოსკოვის რეგიონში ასეთი უამრავი მაგალითი გვაქვს,“-განაცხადა "კომუნისტური პარტიის" პრეზიდენტობის კანდიდატმა პაველ გრუდინინიმ.