ევროკავშირი დიდ ბრიტანეთს სოლსბერიში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის და რუსი აგენტის მოწამვლის საქმის გამო სოლიდარობას უცხადებს. საგარეო საქმეთა მინისტრები აცხადებენ, რომ ევროკავშირის პოზიცია ერთიანი უნდა იყოს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი მიუღებელს უწოდებს იმ ფაქტს, რაც სოლსბერიში მოხდა.
„ევროპა სოლიდარულია დიდი ბრიტანეთის მიმართ. მიუღებელია ის რაც სოლსბერიში მოხდა. პირველივე დღეს ვესაუბრე ბორის ჯონსონს და შევთანხმდით, რომ სრულ ინფორმაციას მოგვაწვდიდა. ჩვენი პასუხი ამ ინციდენტზე ერთიანია,“ - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.
განცხადება გააკეთა ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიდიე რეინდერსმა, რომელმაც აღნიშნა, რომ პროცესები გამჭვირვალე უნდა იყოს და მასში რუსეთიც უნდა ჩაერთოს.
განცხადება სკრიპალის მოწამვლის შესახებ გააკეთა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგო უოლსტმა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სოლიდარული ვართ ბრიტანეთის მიმართ. ბორის ჯონსონი საბჭოს დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის. დღევანდელი განხილვა კარგი საფუძველი იქნება ჩვენი შემდგომი ნაბიჯებისთვის. სასაცილოა მათი არგუმენტი თითქოს საიდუმლო ვითარებაში მოხვდა ეს ქიმიური ნივთიერება სხვა ქვეყნებში. ამით რუსეთი რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას ცდილობს. ჩვენ კი მის პოზიციას ვერ გავიზიარებთ,“ - განაცხადა მარგო უოლსტმა.
ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალფონსო მარია დასტისი აცხადებს, რომ ბრიტანეთი მხარდაჭერას იმსახურებს.
„სიტუაცია ნათელია. ახლა დროა განვიხილოთ ყველა დეტალი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან ერთად. განხილვა ჯერ მინისტრების, შემდეგ კი სახელმწიფო მეთაურთა დონეზე გაიმართება. ბრიტანეთი იმსახურებს მხარდაჭერას და ჩვენი მხრიდან აუცილებლად ექნება,“ - აღნიშნა ალფონსო მარია დასტისმა.