პარლამენტში რუსეთის წინააღმდეგ მისაღებ რეზოლუციას ამ წუთებში ხმაურიანი დაპირისპირების ფონზე განიხილავენ.
ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, პარლამენტი რეზოლუციის საბოლოო პროექტზე შეთანხმდა, თუმცა საკომიტეტო მოსმენები კვლავ ურთიერთბრალდებების ფონზე ჩატარდა.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, სერგი კაპანაძე რეზოლუციის ერთობლივად მიღების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„ამ რეზოლუციის მიღება ერთიანად არის ძალიან მნიშვნელოვანი პარლამენტის მხრიდან, მიუხედავად იმ მრავალი პოლიტიკური განსხვავებისა თუ აზრთა სხვადასხვაობის, რომელიც ჩვენ შორის არსებობს, მათ შორის, საგარეო პოლიტიკურ თემებზე, მათ შორის, უახლოეს წარსულში განვითარებულ მოვლენებზე, იქნება ეს პრემიერის წერილი თუ სხვა,“ - განაცხადა კაპანაძემ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი აღნიშნავს, რომ პრემიერის განცხადება დასაგმობი არ არის და მას ევროპული ქვეყნის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს.
რის საპასუხოდ, სერგი კაპანაძემ თქვა, რომ პრემიერის განცხადებას დადებითად მხოლოდ რუსეთი, პატრიოტთა ალიანსი და ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა.
„პრემიერ-მინისტრის განცხადება პოზიტიურად შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, მიესალმა, პოზიტიურად შეაფასა ქალბატონმა ნინო ბურჯანაძემ, ასევე, მიესალმა, ცნობილია, მისი პოლიტიკური პარტია რა პლატფორმაზეა და ასევე, მიესალმა, ქალბატონი ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი. გააკრიტიკა „ევროპულმა საქართველომ“ და თითქმის ყველა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც საქართველოშია და ჩვენმა პარტნიორებმა მოგვიწოდეს სიფრთხილისკენ,“ - განაცხადა კაპანაძემ.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ ერთობლივ რეზოლუციაში სამშვიდობო, პრაგმატული და პრინციპული პოზიციაა გატარებული.
„ერთი არის, შეხედულება, რომლის ავტორებად შეიძლება მოვიხსენიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და მეორე, „პატრიოტთა ალიანსი“ თქვენ მიერ ნახსენები. ერთი არის, პირდაპირ დავარქვათ, არასწორი პოლიტიკა, რომელსაც ომის და პროვოკაციების პოლიტიკა ჰქვია და ეს ჩვენ ვნახეთ წინა ხელისუფლების პირობებში, ყოველ კონკრეტულ ჯერზე, რა შედეგებამდეც მივდიოდით და მეორე არის მაამებლური პოლიტიკა ოკუპანტი ქვეყნის მიმართ. ერთიც და მეორეც არასწორია,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.