ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედარს სავარაუდოდ დღეს გადმოსცემენ. აღნიშნული ინფორმაცია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელმა კახაბერ ქემოკლიძემ დაადასტურა.
დაახლოებით, ერთი საათია, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი სოფელ წილკანში იმყოფება და არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წვერებს ხვდება.
სუს-ის წარმომადგენლის თქმით, წინასწარი ცნობით, ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს, სავარაუდოდ, დღეს გადმოსცემენ.
„ჩვენ გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, რომ დღეს, სავარაუდოდ, შესაძლებელია, მოხდეს არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება. ჩვენ ცხადია, გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია ოჯახთან. ყველა შესაბამისი სამსახური მუშაობს აქტიურად ამ მიმართულებით თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში“,- განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კახაბერ ქემოკლიძემ.
საპარლამენტო უმრავლესობაში იმედი აქვთ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს დღეს გადმოასვენებენ.
„დაზუსტებით არ შემიძლია, გითხრათ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ ეს დღეს მოხდება“,- განაცხადა ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით მოლოდინის რეჟიმში არიან.
„მოლოდინის რეჟიმში ვართ. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან მძიმე ლოდინის პროცესი სწორედ ამ გადაწყვეტილებით დასრულდება“,- განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.