20 ნოემბერი 2024,   11:29
ვრცლად
პარლამენტის რეზოლუცია და ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია - შეფასებები პოლიტიკური სპექტრში

“რეზოლუციის მიხედვით, მთავრობას  ეძლევა გარკვეული ვადა, იმისათვის, რომ შექმნას სიასთან დაკავშირებული დოკუმენტი," - ეს განცხადება, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით გააკეთა. 

დოკუმენტის საბოლოო ვარიანტში, ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც ჩაიწერება, მთავრობა კი შავი სიის შემადგენლობას 15 ივნისამდე დაასახელებს.

“თავიდან ამ დოკუმენტში არ იქნება ბევრი ადამიანი, გამომდინარე იქიდან, რომ ბრალდებული და მსჯავრდებული პირები ბევრი არ არიან. ასეთი ჯერჯერობით არის ერთი ადამიანი ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით,“ - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ქართული ოცნების“ წევრი იმედოვნებს, რომ როდესაც გამოძიება სხვა საქმეებთან დაკავშირებით წარიმართება,  სიაში უფრო მეტი ადამიანი შევა და ის კიდევ გაიზრდება.

განცხადება გააკეთა ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა დავით ბაქრაძემაც.  

„კონკრეტულ ადამიანებს, ვინც ბრალდებულია ქართველების მოტაცებაში, მკვლელობაში, წამებაში, შეექმნათ პრობლემები. ამ მხრივ, ჩვენ სრულად ვიყენებთ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც არსებობს საერთაშორისო შავ სიებთან დაკავშირებით და ჩვენი ხედვაა, რომ ასეთ ადამიანებს შეექმნათ ყველანაირი პრობლემა მთელს მსოფლიოში, ყველა ჩვენს პარტნიორი სახელმწიფოში,“ - განაცხადა ბაქრაძე.

ბაქრაძე იმ შეზღუდვებს ასახელებს, რომლებიც შავ სიაში შეტანილ ადამიანებზე გავრცელდება, მათ შორის არის გადაადგილების პრობლემა, სავიზო შეზღუდვები და ა.შ.

„ჩვენი ხედვის მიხედვით, მოვიაზრებთ, რომ იქნება სამი ძირითადი უწყება, ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლებიც იმუშავებენ კონკრეტული დანაშაულების დოკუმენტირებაზე და სიის შედგენაზე და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც უნდა იმუშაოს ჩვენ უცხოელ პარტნიორებთან საერთაშორისო სანქციების გატარების მიზნით," - აცხადებს ბაქრაძე. 

რეზოლუციაზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ, რომელიც ამბობს, რომ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც რეზოლუციის ტექსტის საბოლოო შინაარსს გაეცნობიან. „ნაციონალური მოძრაობა“ სავარაუდოდ, საკუთარ პოზიციას ხვალ დააფიქსირებს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მოთხოვნები, რომლებიც ჯერჯერობით არ არის გათვალისწინება. რეზოლუციის ზოგადად სულისკვეთება არის მოსაწონი, მიუხედავად ამისა, სია არ არის ის, რაც იყო თავიდან ჩაფიქრებული,“ - აღნიშნა გოცირიძემ.

გოცირიძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ სურვილი იყო, რომ დოკუმენტი უფრო საქმიანი და ქმედითი ყოფილიყო.

დღის ამბები