„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ, რუსთავი2-ზე მომხდარი თავდასხმის შესახებ გააკეთა.
კიკნაველიძის თქმით, ხელისუფლება მსგავსი ტიპის დანაშაულზე უკვე მრავალი წელია, თვალს ხუჭავს.
„ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე, რომელიც მრავალი წელია, ახალისებს ან თვალს ხუჭავს ამ ტიპის დანაშაულზე. ეს ხალხი თავის დროზე ციხეშიც კი იყო და რამდენიმე მათგანი იქიდან გამოუშვეს იმის გამო, ვითომ პოლიტპატიმრები იყვნენ. ახლა მათ არ სჯიან იმის გამო, რასაც აკეთებენ ყოველთვიურად და ჩვენ ამბებს ვიგებთ, როგორც სცემენ ვიღაცას ან თავს ესხმიან. მორიგი გამოვლება იყო ის, რაც რუსთავი2-თან მოხდა და პასუხისმგებლობა არის მთლიანად ხელისუფლებაზე და ახლა ჩვენ ვნახავთ, რა არის ამ ხელისუფლებისათვის მნიშვნელოვანი, გამოხატვის თავისუფლება თუ ამ ტიპის აგრესიული ჯგუფების მორჩილება,“ - განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.
მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ.
„რუსთავი2 არის გარანტი სიტყვის თავისუფლების ამ სახელმწიფოებრიობაში იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ შეზღუდულია სხვა მედიათავისუფლება და რეალურად, ზოგიერთი ქმედებები, რასაც ჩვენ ვხედავთ, იწვევს ეჭვს, რომ ხდება ამ სიტყვის თავისუფლების გარანტის შეზღუდვა,“ - აღნიშნა პაატა დავითაიამ.
არასამთავრობო სექტორის და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ამ წუთებში რუსთავი2-ის შენობაში იმყოფებიან. გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, მათ გუშინ მომხდარი თავდასხმის დეტალებს აცნობს.