„ნაციონალური მოძრაობა“ ჟენევის ფორმატთან დაკავშირებით, რუსულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ამ ინფორმაციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხს ეხმაურება.
რუსული გამოცემის ცნობით, საქართველო, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო მთავრობები, რუსეთი, აშშ, ასევე კონსულტაციების თანათავმჯდომარეები – ევროკავშირი, გაერო და ეუთო ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივ დეკლარაციას ამზადებენ.
როგორც საგანგებო ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ განცხადა, ამ დეკლარაციით საქართველო რუსეთთან ერთად ძალიან ცუდ თამაშში შევიდა.
მისი თქმით, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს დელეგაციას ჟენევაში დაკარგული აქვს ორიენტირები. მისივე თქმით, ოთხოზორიასა და ტატუნაშვილის საქმეების ფონზე მსგავს დოკუმენტებზე საუბარი არის ამორალური.
„კიდევ უფრო ნიშანდობლივი არის რომ ამას მოჰყვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკმაოდ ანერვიულებული კომენტარები, რაც იმას მიუთითებს, რომ უპირველეს ყოვლისა, საქართველომ ჟენევის მოლაპარაკებებზე მოუხსნა რუსეთს კატეგორიული მოთხოვნა, რაც ჩვენი პოზიცია იყო პირველივე დღიდან, რომ მათ აეღოთ საქართველოს წინააღმდეგ ცალმხრივი სამართლებრივი ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ. ზუსტად ისევე, როგორც ეს გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2010 წლის 23 ნოემბერს, როდესაც თავის დაგზავნილ წერილში გაეროს, ეუთო-ს ნატო-ს და ა.შ. საქართველომ სამართლებრივი ვალდებულება აიღო ძალის არ გამოყენების შესახებ.
"მეორე, ამ დეკლარაციით, საქართველოს დელეგაციამ მისცა რუსეთს უფლება, პროპაგანდისტურად გამოიყენოს ეს დეკლარაცია და სადაც საჭიროა ამტკიცოს, რომ მას აღარ სჭირდება უკვე ცალმხრივად ვალდებულების აღება ძალის არ გამოყენების შესახებ, ეს დეკლარაციას სავალდებულო ხასიათს არ ატარებს. ჩანს ინფორმაციიდან რომ ჩვენ ასევე უარი ვთქვით იმის მოთხოვნაზე რომ სასწრაფოდ შეიქმნას უსაფრთხოების მექანიზმი, რის გარეშეც დეკლარაცია კი არა რუსეთის ფედერაციის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება ან შეთანხმება უბრალო ფარატინა ქაღალდი არის.
„თუ ამ დეკლარაციაში, სადმე როგორც მხარე ან დეკლარაციის ავტორი ნახსენებია აფხაზეთი ან ე.წ. სამხრეთ ოსეთი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავუშვით ჟენევის ფორმატის შეცვლა საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების, რომელიც მხოლოდ პირად ხარისხში იყვნენ ამ კონსულტაციებზე, მათი სტატუსის შეცვლა. რაც ყველაზე ცუდი არის, რომ მათ საერთაშორისო სამართლებრივი სუბიექტურობის ნიშნები ენიჭებათ,“-აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.