20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
კარასინის განცხადებას "ქართული ოცნებისა" და ოპოზიციის წარმომადგებლები ეხმაურებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებას, რომელიც იმედოვნებს, რომ ჟენევის დისკუსიების მორიგ შეხვედრაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ, საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ეხმაურებიან.

მმართველი გუნდიდან განცხადება პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გააკეთა.  

„ოსური და აფხაზური მხარები ლამობენ, ნებისმიერ ვითარებაში სახელმწიფო დელეგაციად იქნას წარმოდგენილი, რაც წარმოუდგენელია. თუკი ისინი რაიმე მოლაპარაკებაში მონაწილეობას მიიღებენ ოდესმე, ან პოზიციას გამოხატავენ ფურცელზე ხელმოწერით, ისინი როგორც ომამდე, ალბათ, მომავალშიც, უნდა განიხილებოდეს, როგორც მოლაპარაკების მხარე და არა როგორც ოფიციალური საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. შესაძლოა, ამაზე ლაპარაკი იყოს, მაგრამ ჯერჯერობით წინასწარი მონაცემი ამის თაობაზე არ გვაქვს, რომ რაიმე დოკუმენტს შესაძლოა, ხელი მოეწეროს,“- განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

ოპოზიციის კრიტიკა კი იმან გამოიწვია, რომ გრიგორი კარასინის ინფორმაციაზე დაყრდნობით, შესაძლებელია ჟენევაში მართლაც გაფორმდეს დეკლარაცია, სადაც ძალის გამოუყენებლობის ვალდებულებას ცალმხრივად არა რუსეთი აიღებს, არამედ ჟენევის დისკუსიის ყველა მონაწილე.

„მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ამოცანა იყო, რომ რუსეთს, როგორც კონფლიქტის მხარეს, აეღო ძალის არგამოყენების ვალდებულება. ამ შეთანხმებით, რაც მინისტრის მოადგილემ გვახარა, რუსეთი ასეთ ვალდებულებას არ იღებს. მაშ, საკითხავია, ამ ყველაფრიდან რა ხეირი საქართველოს. თუ ლოგიკა ისაა, რომ მოდი, ახლა დავუთმოთ რუსეთს და შევასუსტოთ ოკუპაციის სამართლებრივი მნიშვნელობა და შემდეგ იმედი ვიქონიოთ, რომ მომავალში რუსეთი რამეს გააკეთებს, ეს არის ფუჭი მოლოდინი,“- განაცხადა ევროპული საქართველოს“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა.

„თავისუფალ დემოკრატებში“ ამბობენ, რომ რუსეთთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯები კაპიტულანტურია.

„ახლა უკვე ჟენევის ფორმატის დეგრადირებას ცდილობენ და ამ ფორმატის ფარგლებში რუსეთს აძლევენ შესაძლებლობას, რომ აფხაზეთი და ოსეთი აღიარებინონ, როგორც მხარე. ჩვენ 10 წლის წინ მოვაწერეთ ხელი და ავიღეთ ვალდებულება. ამ 10 წლის განმავლობაში ყველა ძალებით და საერთაშორისო ზეწოლით ცდილობთ, რომ რუსეთმა აიღოს საკუთარ თავზე ვალდებულება, რადგან რუსეთი არის მხარე და არა აფხაზეთი და ოსეთი,“- განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურმა მდივანმა, თამარ კეკენაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები