ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ტატუნაშვილის მკვლელობა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის მაგალითად დასახელდა. შეხვედრაში ევროპარლამენტარები, ევროკომისიის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ევროპარლამენტარების თქმით, საქართველოს უნდა ჰქონდეს სათანადო მექანიზმი, რათა პასუხი გასცეს აგრესორს.
„შოკის მომგვრელია, რომ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას ასეთი დიდი დრო დასჭირდა. ჩემი აზრით ეს იყო კიდევ დამატებითი პროვოკაცია, რადგან თავად მკვლელობის ფაქტი აღმაშფოთებელია, საშინელებაა, რომ ოჯახს აქამდე არ მიეცა გამომშვიდობების საშუალება. რაც შეეხება ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის შექმნის ინიციატივას, მე ვარ ერთ-ერთი იმ პარლამენტარებს შორის, რომლებიც მაგნიცკის სიის ინიციატივით გამოვიდნენ. ადამიანები ჩადენილი დანაშაულის გამო მზად უნდა იყვნენ პასუხისგებისთვის. მაგნიცკიის სიის იდეა კარგია და მზად ვარ განვიხილო, როგორი შეიძლება იყოს ქართული ვარიანტი,“- განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან, ”მწვანეთა პარტიის” წევრმა, რებეკა ჰარმსმა.
ევროპარლამენტის დეპუტატმა ლიტვიდან, ლაიმა ანდრიკიენემ აღნიშნა, რომ მის ქვეყანაში მაგნიცკის სია ძალაშია და ის ეფექტურია.
„ვხედავთ რომ რუსეთი ხდება უფრო მეტად აგრესიული, უკრაინაში 10 ათასზე მეტი უკრაინელია მოკლული, ისინი ვინც საკუთარ ქვეყანას იცავდა. რუსეთი ერევა უცხო ქვეყნების არჩევნებში, წამლავს მოქალაქეებს, ახდენს ყირიმის ანექსიას, ახორციელებს სამხედრო აგრესიას საქართველოს წინაამდეგ, პროპაგანდას და დეზინფორმაციის კამპანიას დასავლეთის მიმართ. ეს ყველაფერი გვაჩვენებს, რომ რუსეთს კონფრონტაცია სურს. ეს კონფრონტაცია ჩვენი ცხოვრების სტილის, ჩვენი აზროვნების, ჩვენი მოქალაქეების წინააღმდეგაა მიმართული. ლიტვასაც აქვს მაგნცკის სია, რომელიც ძალაშია. ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებსაც აქვთ მსგავსი სამართლებრივი ბერკეტები და ჩვენი სოლიდარობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სია ქმედითია. რუსეთის წინაამდეგ არსებული სანქციები კი ეფექტური,“- აღნიშნა ლაიმა ანდრიკიენემ.