ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას მკაცრი რეზოლუციით პასუხობს საქართველოს პარლამენტი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დოკუმენტი დღეს დამტკიცდება.
ამის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 თვე ეძლევა დრო, რათა მან შეადგინოს სია, სადაც შევა ყველა იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ბრალდებული და ეჭვმიტანილია, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში, ან სხვა სახის უფლებების დარღვევებში.
რეზოლუციას მხარს უჭერს საპარლამენტო უმცირესობა, უცნობია, შეუერთება თუ არა მას „ნაციონალური მოძრაობა.“
საპარლამენტო უმცირესობაში კი ამბობენ, რომ მათი ფუნქცია აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი იქნება, რათა ქვეყნის მმართველმა გუნდმა ეფექტურად გამოიყენოს ის მექანიზმი, რაც იქმნება რეზოლუციით.
„ევროპული საქართველოს“ შეთავაზება პარლამენტმა გაიზიარა, რომ შეიქმნას „ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ და ყველა იმ კონკრეტულმა ადამიანმა გადაიხადოს მნიშვნელოვანი ფასი, ვინც ასეთ საშინელებას ჩადის. ბუნებრივია, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს რუსეთმაც, თუკი საქართველოს აღმასრულებელი ხელსუფლება მიმართავს შესაბამის დიპლომატიურ ნაბიჯებს,“-აცხადებს ზურაბ ჭიაბერაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ კი თვლიან, რომ რეზოლუცია უნდა იყოს ქმედითი და წინ გადადგმული ნაბიჯი.
„ჩვენ გვაქვს ჩვენი შენიშვნები და ვნახავთ რამდენად იქნება ის გათვალისწინებული და ამის შემდეგ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას,“-აცხადებს რომან გოცირიძე.