ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესადგენად საგარეო საქმეთა სამინისტროს 3 თვე აქვს. ოკუპირებული ცხინვალის ციხეში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობას მკაცრი რეზოლუციით პასუხობს საქართველოს პარლამენტი. რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დოკუმენტი დღეს დამტკიცდება.
სწორედ ამის შემდეგ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ უნდა შეადგინოს სია, სადაც შევა ყველა იმ პირის სახელი და გვარი, ვინც ბრალდებული და ეჭვმიტანილია, საქართველოს მოქალაქეების მკვლელობასა და წამებაში, ან სხვა სახის უფლებების დარღვევებში.
ამ დრომდე უცნობია, დაუჭერს თუ არა „ნაციონალური მოძრაობა" მხარს დოკუმენტს. მათ საკუთარი კონკრეტული შენიშვნები აქვთ.
რეზოლუციასთან დაკავშირებით, დეპუტატებმა განცხადებები პარლამენტში გააკეთეს.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს საგარეო კომიტეტს პარლამენტის, მოიწვიოს უახლოეს დღეებში საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე ის ხალხი, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ჟენევის მოლაპარაკებებში,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
განცხადება პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” მდივანმა გიორგი კანდელაკმა.
„რაც ეხება ჟენევის მოლაპარაკებებს, მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს მიზანი იყო, რომ რუსეთს აეღო ძალის არ გამოყენების ვალდებულება ჟენევის მოლაპარაკებებზე. იმ ნაბიჯით, რა ნაბიჯიც გვახარა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამწუხაროდ ასეთი ვალდებულების აღება არ ხდება. მაშინ კითხვა ისმის, რა ხეირი საქართველოს აქედან? აუცილებელია, ნებისმიერ სამუშაო ფორმატში პრემიერ-მინისტრის მოსვლა, რადგან ჟენევის ფორმატში ცვლილებების ინიციატივა ეკუთვნის პრემიერ-მინისტრს,“ - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
პარლამენტის ფრაქცია ”საქართველოს პატრიოტების” წევრს ემზარ კვიციანს აინტერესებს, როგორც მოხვდა ოკუპირებულ ახალ გორში მოკლული ქართველი არჩილ ტატუნაშვილი მოწინააღმდეგის ხელში და მომხდარზე აგებს თუ არა ვინმე პასუხს ქართული მხარიდან.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ უმრავლესობის მთავარი მიზანი რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო ის, რომ უმრავლესობას და ოპოზიციას პრინციპულ საკითხებისთვის მიეღწიათ და პარლამენტს ერთიანი პასუხი ჰქონოდა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით.
„მე თუ მკითხავ, იმ წერილის შემდეგ, რომელსაც ახლა მე წარმოგიდგენთ, არა ბატონი პაპუნა ჯანელიძე, არამედ ბატონი გრიგოლ ვაშაძე უნდა დაიბაროთ თქვენს ფრაქციაზე და პასუხი მოსთხოვოთ იმ წერილის გამო, რომელიც მან 2008 წლის ნოემბერში მისწერა რუსეთის ფედერაციას. როდესაც ჩვენი ჯარისკაცების გადმოსვენება არ იყო დასრულებული, როდესაც ჩვენი ჯარისკაცების ცხედრები გაცივებულიც კი არ იყო, ბატონი ვაშაძე რუსეთის ფედერაციას წერს ენამოჩლექილ წერილს,“ - ამბობს თალაკვაძე.