ჟენევის მოლპარაკებების წინ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შესაძლო კომპრომისებს კატეგორიულად აპროტესტებს „ნაციონალური მოძრაობა.“
ოპოზიციური პარტია ჟენევის კონსულტაციებზე რუსეთის მიერ დაანონსებული ფორმით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს.
ვაშაძის შეფასებით, საქართველოს დელეგაციამ ჟენევაში რუსეთის მიმართ მთავარი მოთხოვნა მოხსნა, რაც ცალმხრივად ძალის გამოუყენებლობის საერთაშორისო ვალდებულების აღება იყო. მისივე შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
ჟენევის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი მონაწილე ქვეყნის აშშ-ს ელჩი საქართველოში იან კელი ჟენევის მორიგ რაუნდზე საუბრობს.
იან კელის თქმით, მთავარია შეთანხმება მოხდეს იმის მიხედვით, რაც იქნება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და რაც დაიცავს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.
იან კელი აცხადებს, რომ ტექსტის რამდენიმე ვარიანტი არსებობს, თუმცა შეთანხმებული ამ ეტაპზე არაფერია.
„როდესაც ვსაუბრობთ ყველა მხარის დაპირებებზე ძალის გამოუყენებლობის შემთხვევაში პირველ რიგში მთავარია ნდობა. სამწუხაროდ ცხინვალის რეჟიმის საქციელი სასტიკია. რატომ ჰყავდა დატყვევებული ქართველი ჯარისკაცის ცხედარი კვირების განმავლობაში. ასეთი საქციელი ნდობას ხელს ვერ შეუწყობს, ვიმედოვნებ რომ ჟენევის ფორმატში პროგრესია და არსებობს ტექსტიც, რომელზეც შეიძლება ყველა დათანხმდეს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება რაც გააკეთა საოკუპაციო რეჟიმმა.
დიპლომატებს გვაქვს ასეთი გამოთქმა, არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ იქნება შეთანხმებული. სანამ ყველა მხარისთვის არ იქნება მისაღები ტექსტი შეთანხმებაც არ იქნება მიღწეული. ჩვენ ვნახეთ ტექსტის რამდენიმე ვარიანტი. ვნახოთ, რა მოხდება ჟენევაში, მაგრამ რამდენადაც ვიცი ამ ეტაპზე ტექსტზე შეთანხმება ჯერ მიღწეული არ არის,“-აცხადებს იან კელი.