„ნაციონალური მოძრაობა“ ჟენევის კონსულტაციებზე რუსეთის მიერ დაანონსებული ფორმით ძალის გამოუყენებლობის შესახებ დეკლარაციის მიღებას დაუშვებლად მიიჩნევს.
გრიგოლ ვაშაძის შეფასებით, დეკლარაციის მიღების შემთხვევაში, საქართველო რუსეთს საშუალებას მისცემს, რომ ეს დეკლარაცია პროპაგანდისტული მიზნებისთვის გამოიყენოს.
არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც აცხადებენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში მთავარი შეთანხმება ის იყო რომ ქართულმა მხარემ ცალმხრივად აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ და იმავეს ელოდა რუსეთისგან.
მათვე თქმით, ახლა საუბარი იმაზე, რომ შესაძლოა გაფორმდეს საერთო შეთანხება ან დეკლარაცია, რომელსაც არ ექნება იურიდიული ძალა ეს არ იქნება საქართველოს ინტერესების გატარება და დეოკუპაციის პროცესს დააყენებს თავდაყირა.
„აშკარად იკვეთება, რომ მთელი ეს პერიოდი წლების განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება აწარმოებდა ფარულ საგარეო პოლიტიკას და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც ჩნდებოდა ამ ხელისუფლების რუსულ ორიენტაციასთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდის ნაბიჯები ამას აშკარად ამჟღავნებს. ძალის არ გამოყენების ხელშეკრულებაზე როცაა საუბარი, ორაზროვანი განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თემაზე შესაძლოა შედგეს დიალოგი ყველა ეს ნაბიჯი პირდაპირ პუტინის რუსთის ინტერესებზე ასხამს წყალს. ის, რასაც საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, არის კაპიტულაცია,“- ამბობს "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
ახალი საქართველოს ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საიდუმლო მოლაპარაკებები და ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აზიანებს ქვეყნის ინტერესებს. ვაშაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობამ კაპიტულანტური პოლიტიკა აირჩია.
„საიდუმლო შეთანხმებები, სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებები და ინფორმაციები, რომლებიც ჟონავს ამ საიდუმლო მოლაპარაკებებიდან ოფიციალური განცხადებები საქართველოს ოფიციალური წარმომადგენლების-ეს ყველაფერი ერთად მიუთითებს, რომ სამწუხაროდ, როგორც ჩანს აბსოლუტურად კაპიტულანტური სტრატეგია აირჩია საქართველოს მთავრობამ, მიდის აბსოლუტურად ყველაფერზე რუსეთთან მიმართებაში. ეს ნათლად აჩვენებს, რომ მათი ინტერის არის არა საქართველოს ინტერესების დაცვა, არამედ მათი პერსონალური შეთანხმება რუსეთის ხელისუფლებასთან. პრემიერის განცხადება, კარასინის განცხადება, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება-ეს არის როგორც ჩანს მწყობრი ნაბიჯები, რომელიც აზიანებს საბოლოო ჯამში ჩვენი ქვეყნის ინტერესებს“-აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.