რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ, საქართველოს პარლამენტის რეზოლუცის საბოლოო ვარიანტი ცნობილია.
საქართველოს პარლამენტის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, საკანონმდებლო ორგანო გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს; რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას;
საქართველოს პარლამენტი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.
ასევე რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფასა და მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულების შეფერხებაზე.
"რუსთავი2" რეზოლუციის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა, სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის ხელშეუვალობის პრინციპს;
ეფუძნება რა, მოქალაქეთა და საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთგზის გაცხადებულ მიზანს, საქართველო გახდეს ევროპის კავშირისა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით;
ადასტურებს რა, რომ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, მშვიდობიანი გზით მოგვარება საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია;
გამოხატავს რა, მუდმივ მზადყოფნას, მიმართოს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენისკენ და საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი სიკეთე ხელმისაწვდომი გახადოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისათვის;
მიესალმება რა, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მიმართ;
აცხადებს რა, რომ ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა საქართველოს სახელმწიფოს უზენაესი მიზანია;
აცნობიერებს რა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ყველასთვის ცხადი იყოს, რომ საქართველოს სახელმწიფო არასდროს შეეგუება მისი მოქალაქეების, განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილებისა, სიცოცხლის ხელყოფას, გატაცებას, წამებას და მათი უფლებების სხვაგვარ შელახვას, მიიღებს ყველა სამართლებრივ ზომას დამნაშავეთა დასასჯელად და მოახდენს მკაცრ სამართლებრივ და პოლიტიკურ რეაგირებას ყველა მსგავს დანაშაულზე;
გმობს - რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებს;
რუსეთის ფედერაციის მიერ საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაციას;
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეგულარულ უხეშ დარღვევას, რაც დადასტურებულია მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალური დოკუმენტებით:
- ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას;
- საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე გიგა ოთხოზორიას სიცოცხლის ხელყოფას და მკვლელის მიმართ სამართლის აღსრულების შეფერხებას, რაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე სრული კონტროლის განმახორციელებელ ძალას;
- ოკუპირებულ ტერიტორიებზე ათეულობით ქართული სოფლის, ქართული მოსახლეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლების მიზანმიმართულ განადგურებას, ქართული ეკლესიების დაზიანებას და ქართული კვალის წაშლის მცდელობას.
- საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას, საქართველოს მოქალაქეთა რეგულარულ გატაცებას, მათ შორის საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან, და მათ უკანონო დაკავებას;
- მოსწავლეთათვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის წართმევას;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ხელის შეშლას და მათი საკუთრების უფლების უხეშ შელახვას, რაც ამძიმებს ომითა და ოკუპაციით დაზარალებული მოსახლეობის რთულ მდგომარეობას და აფერხებს სამშვიდობო პროცესს;
მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან - არ დააბრკოლოს საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის საფუძვლიანი გამოძიება, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით და უზრუნველყოს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;
არ შეუშალოს ხელი სამართლის აღსრულებას გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ;
შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, აიღოს საერთაშორისო ვალდებულება ძალის არგამოყენების შესახებ, შეწყვიტოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაცია და გააუქმოს გადაწყვეტილება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ;
შეაჩეროს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის იზოლაცია და არ შეუქმნას ხელოვნური ბარიერები საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენას და ურთიერთობების გაღრმავებას;
კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, აგრეთვე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების უსაფრთხოებისა და მათი ძირითადი უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით;
გამოიჩინოს კონსტრუქციული მიდგომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველსაყოფად გაეროს, ეუთოს და ევროპის საბჭოს გადაწყვეტილებებისა და რეზოლუციების შესაბამისად;
უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ხელი არ შეუშალოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების წვდომას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში;
მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას - მიიღოს ზომები, რათა საქართველოს ხელისუფლებას მიეცეს არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების ფაქტის საფუძვლიანი გამოძიების შესაძლებლობა, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, და უზრუნველყოფილ იქნეს დამნაშავეთა მიმართ სამართლის აღსრულება;
მიიღოს ზომები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სამართლის აღსრულება გიგა ოთხოზორიას მკვლელის მიმართ;
დააწესოს ყველა შესაძლო შეზღუდვა და ხელი შეუწყოს სამართლის აღსრულებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მიმართ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა წინააღმდეგ, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სიის შესაბამისად;
გააძლიეროს ძალისხმევა, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უზრუნველყოფილ იქნეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების დაშვება;
უზრუნველყოს ძალისხმევის კონსოლიდაცია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების საფუძველზე მოსაგვარებლად, რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობების სრულად შესრულებისა და ძალის არგამოყენების შესახებ საერთაშორისო ვალდებულების აღების, რუსეთის საოკუპაციო ძალების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის, აგრეთვე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის მიზნით;
გააძლიეროს ძალისხმევა საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ურთიერთობების ხელშესაწყობად და ნდობის აღსადგენად;
მიმართავს საქართველოს მთავრობას - დადგენილებით დაამტკიცოს და 2018 წლის 15 ივნისამდე საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებასა და არაჰუმანურ მოპყრობაში, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, აგრეთვე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია - „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“;
მიიღოს ზომები საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების მიერ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში“ შეყვანილ პირთა მიმართ ყველა შესაძლო შეზღუდვის, მათ შორის სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვების დასაწესებლად და სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად;
განსაზღვროს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ დადგენილების აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება, რომელიც საქართველოს პარლამენტს რეგულარულად წარუდგენს ანგარიშს ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ,"-ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში.