რუსეთის წინააღმდეგ რეზოლუციის პროექტი პარლამენტმა 106 ხმით დაამტკიცა.
„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია, იგივე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარადგინოს.
საპარლამენტო უმცირესობამ რეზოლუციის მხარდაჭერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უმრავლესობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შექმნა ეს არის კონკრეტული შედეგი, რომელიც უნდა გამოიყენოს ქართულმა სახელმწიფომ დღესაც, ხვალაც, მანამ სანამ ეს პრობლემა დგას ჩვენს წინაშე, იმისთვის, რომ შეამციროს რისკები ჩვენი მოქალაქეებისთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე.
„ევროპული საქართველო“ მთელი ჩვენი გუნდი გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს სია იყოს ადეკვატური, ვაიძულოთ საქართველოს მთავრობა, რომ სერიოზულად გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი და ვიმუშაოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ იყოს საერთაშორისო სია და იყოს ჩართული ყველა იმ საერთაშორისო სანქციაში, რომელსაც თავისუფალი სამყარო მიიღებს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის და მისი მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ“-განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილე, ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრმა გიგა ბოკერიამ.