20 ნოემბერი 2024,   11:27
ვრცლად
რეზოლუცია რუსეთის წინააღმდეგ - მთავრობამ პარლამენტს „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით პარლამენტმა რეზოლუცია მიიღო. პროექტს უმრავლესობის და უმცირესობის 106-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ ერთობლივად მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობაში, გატაცებაში, წამებაში, არაჰუმანურ მოპყრობასა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებაში, ასევე ამ დანაშაულთა დაფარვაში ბრალდებულ და მსჯავრდებულ პირთა სია – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ 2018 წლის 15 ივნისამდე უნდა წარუდგინოს.

„ჩვენ რეზოლუციით კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება და დავგმეთ რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია,“ - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

„ევროპულმა საქართველომ“ რეზოლუციის მხარდაჭერა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც უმრავლესობამ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიის დამტკიცების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ოპოზიციონერ დეპუტატებს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

„ჩვენს მიერ დასახელებული იყო სამი შენიშნა, ამ სამი შენიშვნიდან ორი არ იქნა გათვალისწინებული,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

ასევე, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს და მხარი არ დაუჭირეს რეზოლუციას „პატრიოტთა ალიანსის“ წევრებმა და „ქართული ოცნების“ ერთმა დეპუტატმა. ლევან კობერიძისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ოპოზიციასთან თანამშრომლობა.

დღის ამბები