საქართველოს პრეზიდენტი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფოთა შორის განაცხადის შეტანას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გააკეთა. ანა ნაცვლიშვილის თქმით ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადასტუროს, რომ სწორედ რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების ყველა იმ დარღვევაზე, რაც ოკუპირებულ რეგიონებში ხდება.
„ჩვენ ვფიქრობთ რომ საქართველომ უნდა შეიტანოს სახელმწიფოთა შორის განაცხადი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი სამართლებრივი ტრიბუნა, რომლის გამოყენების შესაძლებლობა საქართველოს აქვს იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის და ავტორიტეტის მქონე ორგანოს მიერ დადასტურდეს, რომ რუსეთი არის ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი დე ფაქტო აფხაზეთისა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებზე და სწორედ მას ეკისრება პასუხისმგებლობა ყველა უფლება დარღვევაზე, რომელსაც ამ ტერიტორიებზე აქვს ადგილი. გადაწყვეტილებას როგორც წესი ამ საკითხთან მიმართებაში იღებს მთავრობა . ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი იქნება დასმული და განხილული,“-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით ხელისუფლება გამოიყენებს აბსოლუტურად ყველა მექანიზმს იმისთვის, რომ დამნაშავეები დაისაჯონ.
„აბსოლუტურად ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რაც ამ საქმისთვის საჭიროა და რაც დამნაშავეების დასასჯელად არის საჭირო,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.