ბელორუსის პრეზიდენტი უკვე თბილისშია - ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ალექსანდრე ლუკაშენკოს გიორგი მარგველაშვილთან ექნება. პრეზიდენტის სასახლეში ცოტა ხნის წინ ალექსანდრე ლუკაშენკოს დახვედრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში ორი ქვეყნის პრეზიდენტი ხელს მოაწერს საქართველო-ბელორუსის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას.
„პრეზიდენტი მარგველაშვილი და პრეზიდენტო ლუკაშენკო ხელს მოაწერენ ჩარჩო ხელშეკრულებას. საქართველო-ბელორუსიის ურთიერთთანამშრომლობის 24-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობის განმავლობაში ეს მოხდება პირველად და ამ თანამშრომლობის ხელშეკრულებაში დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ის რომ ბელორუსია მხარს უწერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი ამბობს, რომ ხელშეკრულება ითვალისწინებს უფრო მჭიდრო თანამშრომლობას ვაჭრობის და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი გადაადგილების მიმართულებით.
„იგეგმება ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმებების ხელმოწერა, რომელიც ხელს შეუწყობს უფრო მეტ თავისუფალ გადაადგილებას, უფრო მეტ ინტენსივობას სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის, სატრანსპორტო გადაზიდვების და ა.შ. ასე რომ ეს ვიზიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის. დინამიკა არის ძალიან მაღალი,“-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.