საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხი - ეს ის თემებია, რომელზეც ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობენ. ამ შეხვედრის შემდეგ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიებმა ხელისუფლებას საკუთარი ხედვა უნდა წარუდგინონ ცვლილებებთან დაკავშირებით. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს ბოლოჯერ ექნებათ საარჩევნო ბლოკების ფორმირების შესაძლებლობა.
„ეს თემატიკა ეხება საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესს, კამპანიის წარმოების შემთხვევაში წარმოშობილ პრობლემებს, ეს ეხება სიების საკითხს. ეს ეხება დაფინანსების საკითხს. ეს ეხება უფასო რეკლამასთან დაკავშირებულ პრობლემებს და ა.შ. ამიტომ ძირითადი დოკუმენტი ეს არის საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები,“-განაცხადა ”ახალი მემარჯვენეების” თავმჯდომარემ მამუკა კაციტაძემ.
”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს” მთავარი საბჭოს წევრი ამბობს, რომ ახლა პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა იმსჯელონ და მიიღონ გადაწყვეტილება თუ რა ინიციატივას დაუპირისპირებენ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას შეცვალოს დაფინანსების წესი. გიორგი ახვლედიანი ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ცდილობს პარტიებს მოუსპოს ყოველგვარი ინტერესი ბლოკების შექმნის.
„ხელისუფლება გვეუბნება, რომ აპირებს ძალიან სერიოზული ცვლილებების განხორციელებას დაფინანსების შესახებ კანონში პარტიების და ჩვენ ძალიან მაღალი ალბათობით ვვარაუდობთ, რომ ხელისუფლება მორიგი დრაკონული კანონის მომზადებას აპირებს, რომლითაც ის პრაქტიკულად ინტერესს დაუკარგავს ყველანაირ პოლიტიკურ პარტიას შექმნას ბლოკი იმიტომ რომ ამის ყველანაირ წინაპირობას მოსპობს ფინანსური თვალსაზრისით,“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
შეხვედრას ესწრება „ევროპული საქართველოც“ პარტიაში ამბობენ, რომ მოახლოებულია საპრეზიდენტო არჩევნები და ამიტომ პარტიები უნდა დასხდნენ და იმსჯელონ იმაზე თუ როგორ შეიძლება უფრო გაუმჯობესდეს ქვეყანაში საარჩევნო გარემო.
„იმ პირობებში როდესაც "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება ბევრი სხვადასხვა არაკანონიერი გზის გამოყენებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა როგორც პარლამენტს შიგნით მყოფებმა, ისე პარლამენტს გარეთ დარჩენილებმა გამართონ ფართო დისკუსია იმ თემაზე რა და როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენს საარჩევნო გარემოში იმიტომ, რომ ჩვენ წინ გველოდება როგორც გამოტოვებული არჩევნები თუნდაც ვანში და ხონში, რომელშიც ევროპული საქართველო მონაწილეობას იღებს. ასევე წინ არის საპრეზიდენტო არჩევნები და ჩვენ უკვე უნდა ვიფიქროთ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე, რომელიც შეიძლება იყოს ხელისუფლების შეცვლის მთავარი იარაღი ამ ქვეყანაში,“-განაცხადა ირაკლი კიკნაველიძემ.