„საქართველო ამას ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ ეს არის აღიარების ტოლფასი,“ - ასე აფასებს საქართველოს რეფორმების ასოციაციის” (GRASS) დამფუძნებელი, შოთა უტიაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს მიერ იმ დეკლარაციაზე შესაძლო ხელმოწერას, რომელზეც გრიგორი კარასინმა ისაუბრა.
რუსული მხარე აცხადებს, რომ მზადდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო დეკლარაცია, რომელზეც ხელი უნდა მოაწერონ რუსეთმა, საქართველომ, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა და მოლაპარაკებებში ჩართულმა სხვა მხარეებმა. ამის შესახებ გრიგორი კარასინმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
შოთა უტიაშვილი აღნიშნავს, რომ დეკლარაციის ტექსტის შინაარსი შეთანხმებამდე უნდა გახდეს ცნობილი.
„სამართლიანი იქნება მოთხოვნა, რომ სანამ ჟენევაში ჩვენ რამე ერთობლივ ტექსტზე შევხვდებით, ეს ტექსტი ვნახოთ და გარდა ამისა, ვიცოდეთ, რას მივიღებთ სანაცვლოდ,“ - განაცხადა შოთა უტიაშვილმა.