„ბოლო პერიოდში, ჩვენი ხალხისთვის ბორჯომის საკრებულო გადაიქცა იმედის კუნძულად,“ - ეს განცხადება „საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ, შალვა ნათელაშვილმა ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას გააკეთა.
„ბოლო პერიოდში, ჩვენი ხალხისთვის ბორჯომის საკრებულო გადაიქცა იმედის კუნძულად. პირველად, ქვეყნის ისტორიაში, ხალხისგან არჩეულმა დეპუტაციამ უარი უთხრა მმართველ ხროვას მაღალ ხელფასებზე, პრემიებზე, დანამატებზე, დაზოგა ამით მილიონობით საბიუჯეტო რესურსი,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.
ბორჯომის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი აღნიშნავს, რომ ხელისუფლება „პატრიოტთა ალიანსის“ დახმარებით შიდა გადატრიალებას გეგმავს.
შალვა ნათელაშვილი „პატრიოტთა ალიანსს“ მოუწოდებს, რომ მხარი არ დაუჭიროს ივანიშვილის რეჟიმს და ხალხის მხარეს დადგნენ.
„ხელისუფლება ამზადებს შიდა გადატრიალებას თვითმმართველობაში და სამწუხაროდ, ეს ხორციელდება პატრიოტთა ალიანსთან“ გარიგებით. მე მინდა შევახსენო კოლეგებს, რომ ბორჯომის საკრებულოს დამარცხება არის საქართველოზე ტყვიის სროლა,. ამიტომ, მე ვთხოვ, „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელობას, რომ როდესაც არჩევანია საქართველოსა და ივანიშვილის ძირგამომპალ რეჟიმს შორის, როდესაც არჩევანია ხალხის ინტერესებსა და კორუმპირებული ჩინოვნიკების ხელფასებს შორის, არჩევანი გააკეთონ საქართველოსა და ხალხზე. ეს არის პატრიოტობა და ეს არის პოლიტიკოსობა,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ბორჯომის საკრებულოს ლეიბორისტული პარტიის წევრმა, გიორგი გიუაშვილმა აღნიშნა, რომ "პატრიოტთა ალიანსმა" იმპიჩმენტის მოთხოვნაზე ხელი მოაწერა.