20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
საქართველოსა და ბელარუსს შორის ურთიერთობის ჩარჩო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ პირველი შეხვედრა გიორგი მარგველაშვილთან გამართა. საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტებმა პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჩარჩო ხელშეკრულებას.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პრეზიდენტმა სტუმარს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე საუბარი სოხუმსაც შეეხო.

„ჩვენ მოვაწერეთ ხელშეკრულებებს ხელი, რომლებიც დაფუძნებულია ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებაზე, ერთმანეთის პატივისცემაზე და ორივე სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის და უფლებების სრულ აღიარებაზე. ეს არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ქართველ და ბელორუს ხალხს მომავალში თანამშრომლობის ფართე გზას გაუხსნის“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ბელარუსის პრეზიდენტმა ეკონომიკურ ურთიერთობაზე გააკეთა აქცენტი და ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ბელარუსის იმედი შეუძლია ჰქოდნეს

„ჩვენი დიალოგი ყველა დონეზე გამოირჩევა გულწრფელი ნდობითა და პატივისცემით. ბელარუსი ასრულებს ვალდებულებას, თუ შევთანხმდით, ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ. ყოველთვის მზად ვართ, დახმარების ხელი გამოგიწოდოთ“,- განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ჩარჩო ხელშეკრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვა აქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა და საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ. 

„ეს არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს გრძელვადიან სტრატეგიას და თანამშრომლობის პრინციპებს საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის. აღსანიშნავია, რომ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის 24 წლის განმავლობაში დღევანდელ დღემდე ვერ მოხერხდა ამ ხელშეკრულების გაფორმება. იგი გაფორმდა დღეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ხაზგასმულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში“,- განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

დღის ამბები