არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე დაკრძალავენ. არჩილ ტატუნაშვილის ბიძის, ზურაბ ტატუნაშვილის თქმით, ოჯახს თავდაცვის სამინისტროდან დაუკავშირდნენ და ეს ინფორმაცია მიაწოდეს.
არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული ადამიანები მივიდნენ. სკოლის მოსწავლეები, სადაც გმირი ჯარისკაცი სწავლობდა, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები და ტატუნაშვილის თანასოფლელებმა ოჯახს მიუსამძიმრეს.
დღესვე, ხურჩაში, დაახლოებით 2 წლის წინ მოკლული გიგა ოთხოზორიას დედამ და ნათესავებმა, ცხინვალის ციხეში ნაწამები, ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრეს.
საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოკლული ჯარისკაცის პანაშვიდზე, დღეს ხელისუფლების და ოპოზიციის წევრებიც მივიდნენ. პოლიტიკოსები არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დადგენას და დასჯას მოითხოვენ.
არჩილ ტატუნაშვილის მკვლელების დასასჯელად, ხელისუფლებას ევროპულ სასამართლოში სარჩელის შეტანისკენ მოუწოდებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა ნაცვლიშვილი.
ნაწამები ცხედრის ექსპერტიზის დასრულებას ელოდება მთავარი პროკურორი. ირაკლი შოთაძე არ გამორიცხავს, რომ საქმეში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთონ.
ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, წილკანში, დევნილთა დასახლებაში, სადაც გმირი ჯარისკაცის ნაწამები ცხედარია დასვენებული, კიდევ ორი დღე დარჩება. არჩილ ტატუნაშვილს შაბათს დაკრძალავენ.