ნადეჟდა სავჩენკო დაკავებულია. რადას დეპუტატს კიევის ცენტრში ტერაქტების მომზადება, შეთქმულება და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა ედება ბრალად. სავჩენკოს დაკავების ორდერი გამომძიებელმა პარლამენტის შენობაშივე გადასცა და იმ ბრალდებების ჩამონათვალიც გააცნო, რომელსაც მას გენერალური პროკურატურა უყენებს.
დეპუტატის დაკავებას წინ უძღოდა სხდომა პარლამენტში, სადაც იური ლუცენკომ დეპუტატებს სამი დადგენილების მიღებისკენ მოუწოდა. გენერალურმა პროკურორმა დეპუტატისთვის ხელშეუხებლობის მოხსნა, მისი პასუხისგებაში მიცემა და დაპატიმრება მოითხოვა.
სხდომის მსვლელობისას 20 წუთიანი აუდიო-ვიდეო ჩანაწერი აჩვენეს, რომელიც გამოძიების მტკიცებით, სავჩენკოს ბრალეულობას ადასტურებს. დეპუტატი ჩანაწერებში სამხედროებთან ერთად განიხილავს დონბასიდან იარაღის შეტანას და ხელისუფლების შეცვლის გზებს.
გამოძიების ინფორმაციით, იგეგმებოდა პრეზიდენტ პოროშენკოს, უშიშროების საბჭოს მდივნის, ალექსანდრე ტურჩინოვის და შინაგან საქმეთა მინისტრის, არსენ ავაკოვის მკვლელობა.
ჩანაწერების ჩვენება ტექნიკური პრობლემების გამო რამდენჯერმე შეწყდა, რასაც დარბაზში სიცილი მოჰყვა. თავად სავჩენკომ გამოსვლაში აღიარა, რომ რადაში ტერაქტის მოწყობის სურვილი ნამდვილად ჰქონდა.
ნადია სავჩენკოს უშიშროების სამსახურის შენობაში ამ დრომდე კითხავენ. მასთან ადვოკატიც შეუშვეს და სავარაუდოდ სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე ხვალ იმსჯელებს.
ავტორი: ზურაბ ხვისტანი.