პარლამენტში კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელებენ - ცვლილებების მიხედვით, 2024 წლიდან აღარ იარსებებს ბლოკების სისტემა და ბარიერი კვლავ 5 პროცენტით განისაზღვრება.
ასევე, ერთჯერადად, 2020 წლისთვის პოლიტიკურ ძალებს მიეცემათ შესაძლებლობა, რომ ბლოკები შექმნან და ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე დაიწევს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას თქმით, 3 პროცენტამდე დაწეული ბარიერი პატარა პოლიტიკურ პარტიებს საპარლამენტო მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცემს.
პრობლემებზე საუბრობენ ოპოზიციაში. პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რაც შეიძლება სწრაფად გადასულიყო ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე.
„დანარჩენი ყველა ცვლილება, რომელიც დღეს დამტკიცდება უმრავლესობის მიერ, ეს არის შელამაზება, რეალურად, იმ ვითარების, რომელიც შეიქმნა, როდესაც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია მოარგო საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს,“ - განაცხადა სამადაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველოს” წევრი, სერგო რატიანი კი აღნიშნავს, რომ კონსტიტუციის მიღებიდან ერთ თვეში უმრავლესობის მიერ კონსტიტუციის შეცვლა ადასტურებს, რომ ქვეყნის პირველი კანონი სერიოზული პრობლემებით მიიღეს.
ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე ქალთა ქვოტირების საკითხს განიხილავენ. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ წარდგენილი ცვლილებების მიხედვით, პოლიტიკურ პარტიებს დაევალებათ საარჩევნო სიებში ქალები კონკრეტული პროპორციით შეიყვანონ.