20 ნოემბერი 2024,   11:18
ვრცლად
ის, რომ 15%-ით არიან მხოლოდ წარმოდგენილი ქალბატონები პარლამენტში, არ ასახავს არსებულ ვითარებას - ირაკლი კობახიძე

პარლამენტის გენდერული კვოტირების შესახებ კანონპროექტს განიხილავს. არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანონპროექტზე განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არასამთავრობოების მიერ წარდგენილი კანონპროექტი არჩევნებზე პროპორციულ სიას გულისხმობს, რომლის მიხედვითაც, პროპორციულ სიაში ყოველი მეორე ქალი უნდა იყოს.

„კვოტირება, ეს არის ხელოვნური ჩარევა. ამაზე ბუნებრივია, არავინ დაობს, თუმცა ეს არის ხელოვნური ჩარევა, რომლის მიზანიც არის ბუნებრივი პროპორციის უზრუნველყოფა... ის, რომ 15 პროცენტით არიან მხოლოდ წარმოდგენილი ქალბატონები საქართველოს პარლამენტში, კიდევ ერთხელ, არავითარ შემთხვევაში, არ ასახავს არსებულ ვითარებას,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, თამარ ჩუგოშვილი აღნიშნავს, რომ პარლამენტში ქალთა რაოდენობის ზრდაზე წამახალისებელმა ნორმებმა არ იმუშავა.

„სამწუხაროდ, ჩვენ წლებია და საკმაოდ დიდი დროა, ამოვწურეთ ყველა ის შესაძლებლობა, ყველა ის წამახალისებელი ნორმა, რომელიც შეიძლებოდა, რომ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვხმარებოდა, დამატებითი ფინანსური წამახალისებლები თუ ა.შ და ყველამ ვიცით, ძალიან კარგად, რომ ამ ნორმებმა არ იმუშავა და არ დაეხმარა მოსახლეობის ნახევარს არსებული პრობლემების დაძლევაში. ჩვენ ზრდა, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის, გვაქვს ნომინალური და ყოველ წელს ვრჩებით იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომლებიც ყველაზე უკან არიან სიაში, მსოფლიო ქვეყნებს შორის ქალთა მონაწილეობის კუთხით,“ - განაცხადა ჩუგოშვილმა.

დღის ამბები