საქალაქო სასამართლოში "რუსთავი2"-ზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული ქართული მარშის აქტივისტების პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
სასამართლომ დღეს მათთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხი უნდა გადაწყვიტოს.
მოსამართლის შესვლამდე „ქართული მარშის“ წევრებმა სასამართლოს დარბაზში ილოცეს.
სხდომის მიმდინარეობისას მცირე ინციდენტიც მოხდა. მაშინ, როცა პროკურორი ბრალდების შესახებ საუბრობდა „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ხმამაღალი რეპლიკით დარბაზიდან მიმართა მოსამართლეს, რასაც მოჰყვა მისთვის გაფრთხილების მიცემა.
მოსამართლეს მიმართა ლადო სადღობელაშვილმაც, რომელმაც სთხოვა მოსამართლეს, რომ არ დატოვონ ის პატიმრობაში, რადგან ახალგაზრდა პოლიტიკოსია და არსად მიმალვას აპირებს. სადღობელაშვილს თქმით, მას არ ჩაუდენია ის დანაშაული, რასაც პროკურატურა ედავება.
„მე მყავს ოჯახი, მე მაქვს რაღაცა შემოსავალი, ჩემზე არის დამოკიდებული ოჯახი და მე ნამდვილად არ ვაპირებ არსად მიმალვას, მე ჩემი პოლიტიკური ცხოვრება მაქვს, ჩემი ხაზი მაქვს. გთხოვთ, ეს ყველაფერი გაითვალისწინოთ. მზად ვართ გადავიხადოთ რაღაც გირაო, ძალიან გთხოვთ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ნუ იზამთ ისე, რომ ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ბედი იყოს გლდანში გადაწყვეტილი“- მიმართა სადღობელაშვილმა მოსამართლეს.
„რუსთავი 2“- თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ყველა მათგანს გამოძიება 239-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს, დაცვის მხარე კი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას.