20 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
"მთელი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი" - მთავრობის წევრებმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ წილკანში იმყოფებოდნენ.

მთავრობის მეთაურმა, დედაქალაქის მერმა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ტატუნაშვილის ოჯახისთვის მისამძიმრების შემდეგ, სოფელი წილკანი უკომენტაროდ დატოვეს.

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებიც. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რათა დამნაშავემ პასუხი აგოს.

„ეს ჩვენი კიდევ ერთი უდიდესი ტკივილია, რომელიც არის ოკუპაციის შედეგი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩვენი საელჩოები და მთელი მთავრობა გააკეთებს ყველაფერს, რათა დამნაშავემ აგოს პასუხი, ასევე დასრულდეს ოკუპაცია და ასეთი ტკივილი აღარ მიადგეს საქართველოს და ჩვენს ხალხს,“- განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ოჯახს მიუსამძიმრა კულტურისა და სპორტის მინისტრმა. მიხეილ გიორგაძემ იმედი გამოთქვა, რომ აუცილებლად დადგება ის დრო, როცა ყველა დამნაშავე კანონის წინაშე არჩილ ტატუნაშვილისა და საქართველოს სხვა მოქალაქეების მკვლელობისთვის პასუხს აგებენ.

„ჩვენ ყველა ვიზიარებთ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან ერთად ამ დიდ ტკივილს. არჩილის სახელს და იმ გმირების სახელებს, რომლებიც შეიწირა საოკუპაციო რეჟიმმა ბუნებრივია, არასდროს დავივიწყებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, აუცილებლად დადგება ის დრო, როცა ყველა დამნაშავე საკადრის პასუხს მიიღებს და დაისჯება კანონის მიხედვით,“- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

არჩილ ტატუნაშვილი სამოქალაქო პანაშვიდი საღამოს ათ საათამდე გაგრძელდება. მას ხვალ დილით სოფელ წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც დღის ორი საათის შემდეგ გამოასვენებენ და დაკრძალავენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.

დღის ამბები