ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში სამძიმრის გამოსაცხადებლად ჩასული მოქალაქეების რიგი არ წყდება.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახის წევრებს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინა ხიდაშელმა მიუსამძიმრა. ხიდაშელის თქმით, საქართველო ომის პირობებში იმყოფება და ეს ხელისუფლებისა და საზოგადოების თითოეულ წევრს უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული.
„მთავარი ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, არის ის, გაცნობიერებული გვქონდეს, რომ ტატუნაშვილი ომის პირობებში მოკლეს და რომ დღეს საქართველო ომშია. სანამ ამის გაცნობიერება არ მოხდება საქართველოს ყველა მოქალაქის მხრიდან, საფრთხე არ მცირდება, იგნორირებით საფრთხე არ მცირდება, პირიქით იზრდება. თუ ამ რეჟიმში ვართ, თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ყოველდღიურად ომის პირობებში ვიმყოფებით, მაშინ, რა თქმა უნდა, მოქალაქეც და ხელისუფლებაც სხვანაირად იქცევა. უფრო მაღალი გაქვს სიფრთხილის განცდაც და მოლოდინიც საფრთხესთან წინააღმდეგობის, რომელიც შეიძლება გაჩნდეს. მთავარი შეცდომა, რომელსაც ქართული სახელმწიფო უშვებს დღეს სწორედ ეს არის,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
ტატუნაშვილების ოჯახს მიუსამძიმრა „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილიც. უსუფაშვილის თქმით, აუცილებლად დაისჯება დამნაშავე, თუმცა ამას მისი განცხადებით, დრო დასჭირდება.
„ასეთი დანაშაულებები აუცილებლად იქნება გამოძიებულიც და დასჯილიც. სამწუხაროდ, ამ ყველაფერს დასჭირდება დრო, მაგრამ ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელობამ და სპორტსმენებმა. სოფელ წილკანში იმყოფებოდა ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩიგაშვილი. არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე აკადემია "სუხიშვილების” დირექტორი ნინო შარაშიძეც იმყოფებოდა.
არჩილ ტატუნაშვილი სამოქალაქო პანაშვიდი საღამოს ათ საათამდე გაგრძელდება. მას ხვალ დილით სოფელ წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ, საიდანაც დღის ორი საათის შემდეგ გამოასვენებენ და დაკრძალავენ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე.