„საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგება და ყველა დამნაშავეც დაისჯება,“- ეს განცხადება ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა, სოზარ სუბარმა სოფელ წილკანში გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილის ცხედარია დასვენებული. მან ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.
„ეს არ არის მხოლოდ ერთი ოჯახის ტკივილი. ეს არის მთელი საქართველოს ტკივილი, ისევე, როგორც ოკუპაციის ნებისმიერი მსხვერპლი. აუცილებლად დადგება დღე, როდესაც ოკუპაცია დამთავრდება, როდესაც ოკუპანტი გახდება იძულებული, რომ კავკასიის ქედს იქით გადავიდეს,“- განაცხადა სოზარ სუბარმა.