მოსამართლეთა კონფერენციაზე დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციული კომიტეტის წარმომადგენელი და ერთი მოსამართლე წევრი უნდა აირჩიონ.
კანდიდატურის დასახელების უფლება ნებისმიერ მოსამართლეს აქვს. ოფიციალურად, ჯერჯერობით, კანდიდატურების ვინაობა არ სახელდება, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი მოსამართლე წევრი, გიორგი ტყავაძე, გახდება. გიორგი ტყავაძე 2015 წლიდან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს.
ახალი მოსამართლე წევრი - ლევან თევზაძე, დაინიშნა სააპელაციო სასამართლოში სისხლის სამართლის პალატის თავმჯდომარედ, სწორედ ამიტომ დადგა ახალი მოსამართლე წევრის დანიშვნის აუცილებლობა.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, აღნიშნავს, რომ ლევან თევზაძის დანიშვნა სააპელაციო სასამართლოში პალატის თავმჯდომარედ გამორიცხავს მის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობას.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი, აცხადებს, რომ წინასწარ ცნობილია, თუ ვისზე შეაჩერებენ არჩევანს საბჭოს წევრები. ნაზი ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ სწორედ გიორგი ტყავაძეს დაასახელებენ ახალ წევრად, რადგან მას მიხეილ ჩინჩალაძის მხარდაჭერა აქვს.
ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, თევზაძე არამოსამართლე წევრების მიმართ აგრესიული დამოკიდებულებით გამოირჩეოდა.
„ჩემი აზრით, ეს არის გადაწყვეტილება მიხეილ ჩინჩალაძის, რომელიც წყვეტს, თუ ვინ შევა საბჭოში და ვინ დატოვებს საბჭოს სხდომებს. რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ლევან თევზაძე გამოირჩეოდა საკამოდ აგრესიული დამოკიდებულებით წევრების მიმართ და საკმაოდ ხშირად იყო ხოლმე მასთან კამათი. როგორც ჩანს, გადაწყვეტეს, რომ შედარებით უფრო ნეიტრალური პირი შემოიყვანონ,“ - განაცხადა ჯანეზაშვილმა.