„არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი,“ - ასე აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოსთვის გამოყოფილი თანხის ზრდას.
დოკუმენტში, რუსეთის აგრესიის ქვეთავში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ჩაიწერა. კანონის მიხედვით, გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელმაც აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა.
საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი, დოკუმენტის მნიშვნელობაზე საუბრობს.
„არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რამდენადაც სწორედ აშშ-ის ფინანსური დახმარებით სარგებლობას უკრძალავს ყველას, ვინც მხარს უჭერს უკანონო ე.წ. აღიარებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფას და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერას,“ - განაცხადა მინისტრმა.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია, აღნიშნავს, რომ აღიშნული დოკუმენტით აშშ-მ ღიად დაუჭირა საქართველოს კიდევ ერთხელ მხარი.
გადაწყვეტილება საქართველოს დასახმარებლად მომდევნო 9 თვის განმავლობაში 105 მილიონ დოლარზე მეტის გამოყოფასაც ითვალისწინებს.