"ჩემი შვილი მისმა მეგობრებმა გაყიდეს. მინიმუმ, ორი მკვლელი ახლა ქუჩაში დადის. კანონით თუ კანონის გარეშე მე მაინც ვაგებინებ პასუხს ყველას, ვინც შვილი მომიკლა," - ეს განცხადება 51-ე სკოლის მოკლული მოსწავლის მამამ, ზაზა სარალიძემ, გააკეთა.
ჭეშმარიტების დადგენის იმედი მოკლული დავით სალარიძის მამამ პირდაპირი მოწმეების დაკითხვის შემდეგ დაკარგა. ზაზა სარალიძე ამბობს, რომ არასრულწლოვანი მოწმეების მიერ მოსამართლისთვის დამალული ფაქტების გამო, მისი შვილის რეალური მკვლელები დაუსჯელები დარჩებიან.
დაზარალებულმა საკუთარი გამოძიებით დაადგინა, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი მონაწილეობდა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. არასრულწლოვანთა კოდექსის დაწესებული შეზღუდვების გამო, ვინაობას თავად ვერ ასახელებს, თუმცა, ჩვენს შეკითხვაზე პასუხად არ უარყოფს, რომ მისი ეჭვების ადრესატი დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული თენგიზ კალანდიას შვილია.
მოზარდების ჩვენებების შინაარსის რადიკალური ცვლილება საეჭვოა ერთ-ერთი ბრალდებულის დედისთვის.
ნინო ფერაძე არ გამორიცხავს, რომ არასრულწლოვნებზე ზემოქმედების მიზანი რეალური მკვლელების დაფარვაა. ბრალდებულის დედა შიშობს, რომ არსებითი განხილვის ასეთი სცენარით გაგრძელების შემთხვევაში, დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მთელ პასუხისმგებლობას მის შვილს და მეორე არასრულწლოვან ბრალდებულს დააკისრებენ.
ორივე ოჯახისთვის საეჭვოა ექსპერტიზის დასკვნის დაგვიანება. ორი არასრულწლოვნის მკვლელობიდან თითქმის 4 თვეა გასული, თუმცა, გამოძიებას ჯერ კიდევ არა აქვს ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი, რომელმაც ბევრ შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი.
სასამართლო განხილვები გრძელდება. ორშაბათს მოსამართლეს ფიცის ქვეშ ჩვენებას სხვა მოწმეები მისცემენ. ხორავას ქუჩაზე მოკლული 2 არასრულწლოვნის საქმეზე კი საბოლოო განაჩენს მოსამართლე ივნისის დასაწყისამდე გამოაცხადებს.