სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნის თაობაზე მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტს დღეს პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.
30 კანონპროექტისგან შემდგარ პაკეტზე ევროპასთან ინტეგრაციისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების სხდომაზე იმსჯელებენ.
იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, უქმდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობა, რომლის უფლებამონაცვლე სახელმწიფო ინსპექტორი იქნება.
„ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უფრო გაძლიერებული ინსტიტუცია გამოიძიებს საქმეს, თუ მოხდა მოქალაქის უფლებების დარღვევა სამართალდამცავი ორგანოების მიერ,“-ამბობს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს და მის არაეფექტურობაზე საუბრობს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექცია ფაქტობრივად ინგრევა, უერთდება ძალოვან სტრუქტურას, რომელიც ამავე დროს არ იქნება დამოუკიდებელი და ნაცვლად დამოუკიდებელი საგამოძიებო სამსახურისა იქნება პროკურატურას დაქვემდებარებული უწყება. ამ ორის გაერთიანებით ერთს ვაფუჭებთ და მეორე არ იქმნება,“- განაცხადა ენმ-ს წევრმა რომან გოცირიძემ.
უწყების პროკურატურისგან დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას „ევროპულ საქართველოშიც“.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის უნდა იყოს პროკურატურისგან დამოუკიდებელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტ კითხვის ნიშნებს ბადებს ხოლმე დანაშაულებებთან დაკავშირებით და უნდა ჰქონდეს ეფექტური მექანიზმები ხელში, რაც მისცემს საშუალებას, რომ გამოიძიოს დანაშაულები სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებში,“-აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი ირაკლი კიკნაველიძე.