დონალდ ტრამპმა შეერთებული შტატებიდან რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.
სააგენტო "Reuters"-ის ცნობით, განხილვა ამ საკითხთან დაკავშირებით თეთრ სახლში ამ დრომდე გრძელდება, პრეზიდენტის საბოლოო პოზიცია კი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროპელი მოკავშირეები.
ვაშინგტონში რუსეთის საელჩო კი შეერთებულ შტატებს სერგეი სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით თავშეკავებული გადაწყვეტილების მიღებისკენ მოუწოდებს.
უწყების ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ ოფიციალურ ლონდონს შეერთებული შტატების მხრიდან, ხელმძღვანელობა სჭირდება.
“ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ტრაგედიის მშვიდად და პროფესიონალურად გამოძიება. ჩვენ ყოველ ჯერზე ვამტკიცებთ, რომ ნებისმიერ დარტყმას ჩვენს წინააღმდეგ ვპასუხობთ პრინციპით თვალი თვალის წილ. თეთრ სახლს ჯერ კიდევ აქვს დრო თავიდან აიცილოს ამ ყალბი ამბის განვითარების უარყოფითი შედეგები,”-წერია განცხადებაში.