მადრიდის რეალის ლიდერმა, კრიშტიანო რონალდომ, მის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებები გააკეთა. პორტუგალიელის თქმით, ჟურნალისტებმა მისი სიტყვები არასწორად გაიგეს.
"ჟურნალისტებმა არასწორად გაიგეს ჩემი სიტყვები. მე არ ვგულისხმობდი, რომ სხვაზე უკეთესი ვარ, მე მხედველობაში ფიზიკური კონდიციები და ტრავმები მქონდა. ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს ტრავმებთან დაკავშირებით - პეპეს, ბეილს, ბენზემას, მარსელოს დაზიანებები აქვთ და ვერ ახერხებენ თამაშს, რაც გუნდზე ცუდად აისახება. მე ჩემს თანაგუნდელებს პატივს ვცემ და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საკუთარი თავი არც ერთ მათგანზე უკეთესი არ მგონია," -განაცხადა რონალდომ.
ესპანური El Mundo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა ფეხბურთელმა თანაგუნდელებს სოციალური ქსელის მეშვეობით მოუბოდიშა. რონალდოს გუნდის კაპიტანთან, სერხიო რამოსთანაც, ჰქონდა საუბარი, სადაც განიხილეს თუ როგორ გამოესწორებინათ კლუბში შექმნილი დაძაბული ატმოსფერო.
შაბათს მადრიდის რეალი საკუთარ მოედანზე ატლეტიკოსთან 0:1 დამარცხდა და ჩემპიონობისთვის ბრძოლას პრაქტიკულად გამოეთიშა. სამეფო კლუბი მესამე პოზიციაზე იმყოფება და ლიდერ ბარსელონას 12 ქულით ჩამორჩება.
წყარო: AS, El Mundo