რანიერის დანიშვნა
დიდი ხნის განმავლობაში კლაუდიო რანიერი ერთ-ერთ უიღბლო მწვრთნელად ითვლებოდა. მაგალითად, მას არასდროს არ ჰქონდა მოგებული ნაციონალური ჩემპიონატი, არადა მუშაობდა ისეთ გუნდებთან როგორებიც არიან ინტერი, იუვენტუსი, მონაკო და ჩელსი. არაფერი გამოუვიდა არც საბერძნეთის ნაკრებსა და ვალენსიაში. როცა ლესტერის მთავარ მწვრთნელად დანიშნეს, რასაკვირველია, ექსპერტები ფიქრობდნენ, რომ არც ამჯერად გამოუვიდოდა რამე, თუმცა დღეს იტალიელი უკვე მსოფლიოს საუკეთესო სპეციალისტების რიგებს ავსებს და პრესკონფერენციებზე მის ნათქვამ სიტყვებს დიდი გულისყურით ისმენენ.
ოკაძაკის, ჰუტის, ფუქსისა და კანტეს შეძენა
სკეპტიკურად აფასებდნენ ლესტერის სატრანსფერო საქმიანობასაც. ძირითადი შემადგენლობისთვის 8 მლნ. ევროდ შეძენილ იქნა მაინცის შემტევი ნახევარმცველი სინძი ოკაძაკი. 7 მლნ. ევროდ ყველასთვის უცნობი ნ’გოლო კანტე, 3 მილიონად გადაიბირეს სტოკის ვეტერანი, რობერტ ჰუტი და უფასოდ მიიწვიეს შალკეს ყოფილი მცველი, კრისტიან ფუქსი. ყველა მათგანი გუნდის შემადგენელი ნაწილი და მამოძრავებელი ძალა გახდა. მიმდინარე სეზონში თითოეულმა მოედანზე 30 მატჩამდე ითამაშა.
პირველი მოგება პირველივე ტურში
რანიერის გუნდმა დამაჯერებლად დაამარცხა სანდერლენდი (4:2). პირველი გოლი სიმბოლურად ლესტერის მომავალმა საუკეთესო ბომბარდირმა ჯეიმი ვარდიმ გაიტანა, დუბლი შეასრულა რიად მაჰრეზმა, მარკ ოლბრაიტონმა კი 3 ქულა მოაგროვა (სისტემით "გოლს+პასი").
პირველი ადგილის დაკავება
უპირობო ლიდერობა მელიებმა 21 ნოემბერს ნიუკასლის განადგურების (3:0) შემდეგ მოიპოვეს. მანამდე პირველ ადგილს ხან ტოტენჰემს უთმობდნენ და ხანაც მანჩესტერ სიტის. ლიდერობის გემო კი პირველად სწორედ კაჭკაჭების დაძლევის შემდეგ გაიგეს.
მოგებები სიტისთან და ტოტენჰემთან
ლესტერი უშუალო მეტოქეებთან ძალიან თავშეკავებულად თამაშობდა. პირველ წრეში არსენალთან საერთოდაც წააგო (2:5), შემდეგ ფრე ითამაშა ტოტენჰემთან და მანჩესტერ იუნაიტედთან. სეზონის მეორე ნახევარში კი უფრო წარმატებულად ათამაშდა, მინიმალური სხვაობით დაამარცხა სპურები (1:0) და გაანადგურა იმ დროის ფავორიტი ქალაქელები (1:3).
ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახება
ლესტერის ტრიუმფალური ასპარეზობა მისი მოთამაშეების ინდივიდუალური პროგრესის შედეგი გახლდათ. ამიტომ უკვე გაზაფხულზე მათი უმეტესობა ეროვნულ ნაკრებებში გამოიძახეს. მაგალითად, ჯეიმი ვარდი ინგლისში მიიწვიეს, სადაც გოლი პირველივე ამხანაგურ მატჩში გერმანიასთან გაუტანა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ვარდი სახელოვან უეინ რუნისა და ჰარი კეინს გუნდში ადგილისთვის შეეცილებოდა. სამი ლომის რიგებში გამოიძახეს დენი დრინკუოტერიც. რაც შეეხება ახლად გაბრწყინებულ ნ’გოლო კანტეს, მისი დებიუტი საფრანგეთის ნაკრებში შედგა.
ვარდი ბომბარდირია, მაჰრეზი - სეზონის საუკეთესო მოთამაშე
პრემიერლიგის საუკეთესო მოთამაშის პრეტენდენტებს შორის მოხვდა ლესტერის ბრწყინვალე ტრიო - ჯეიმი ვარდი, რიად მაჰრეზი და ნ’გოლო კანტე. ჯილდოს ღირსი სამივე იყო, მაგრამ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ მაინც ალჟირელი ნახევარმცველი დასახელდა. წლევანდელ სეზონში 34 მატჩში რიადმა 17 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, რაც ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ. ვარდის ფანტასტიკურ გარდასახვაზე იმდენად ბევრი დაიწერა, რომ კომენტარი უკვე ზედმეტია. ეს გახლავთ ლესტერის საუკეთესო ბომბარდირი. ის ყოველთვის იქ არის სადაც საჭიროა და გოლებს არსაიდან ქმნის, თუმცა ყველაზე ხშირად ამას მაჰრეზისთან წყვილში აკეთებს.
კონკურენტების ფაქტორი
ლესტერის შესანიშნავ სვლაზე საუბარს, რომ დროებით თავი დავანებოთ მნიშვნელოვანია მისი მეტოქეების ფაქტორის აღნიშვნა. მაგალითად, ჩელსის საშინელი სეზონი ჰქონდა და ხუთეულშიც კი ვერ მოხვდა, მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული მთელი წელი არასტაბილურად გამოიყურებოდნენ, სიტი იმდენად გაერთო ჩემპიონთა ლიგით, რომ პრემიერლიგა სულ გადაავიწყდა, ლონდონის არსენალმა კი მარადიული უიღბლოს ზედმეტსახელი კვლავ გაამართლა და მესამე ადგილის ერთგული დარჩა. ერთადერთი გრანდი, რომელიც ცოტა ნორმალურად თამაშობდა ტოტენჰემი იყო, რომელმაც წინა ტურში თავი შეირცხვინა და ვესტ ჰემთან ნათამაშები ფრით მელიებს ჩემპიონობა პრაქტიკულად თავისი ხელით ჩააბარა.
გუნდის ხასიათი
ზოგადად ნებისმიერი გუნდისთვის მწვერვალზე მოქცევა შედარებით ადვილია ვიდრე იქ თავის შემაგრება. ლესტერი ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბოლო თამაშები საკმაოდ უხერხულ მეტოქეებთან ჰქონდა და სრულიად შესაძლებელი იყო ჩამოქვეითებულიყო, თუმცა რანიერის გუნდმა თავისი ჩვეული ხასიათი გამოავლინა და ჯერ 95 წუთზე ვესტ ჰემს გამოგლიჯა 1 ქულა (2:2, ვარდი გაძევებული იყო), შემდეგ ასევე საკუთარი ბომბარდირის გარეშე სუონსი გაანადგურა (4:0) და ბოლოს ოლდ ტრაფორდზე არც იუნაიტედს დაუთმო რაიმე (1:1).
ოლდ ტრაფორდი და სტემფორდ ბრიჯი
ეს უკვე ზღაპრის ფინალი გახლავთ. ჯერ მანჩესტერში ლუი ვან გაალის გუნდს წაართვეს 1 ქულა (ანგარიში კაპიტანმა უეს მორგანმა გაათანაბრა) ხოლო ერთი დღის შემდეგ ტოტენჰემის მიერ სტემფორდ ბრიჯზე ლონდონურ დერბიში გაკეთებულმა ფრემ (2:2) ჩემპიონობა მოუტანათ.
წყარო: sarbieli.ge, mirror, dailymail.co.uk