გუშინ, სანტიაგო ბერნაბეუზე მადრიდის რეალის რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატარა ალვარო არბელოამ. 33 წლის მცველი მოედანზე მატჩის მიწურულს შემოვიდა. არბელოას გულშემატკივრებმა საგანგებო დახვედრა მოუწყვეს. ტრიბუნებზე მისი დიდი ზომის მაისური გამოფინეს, შეხვედრის ბოლოს კი თანაგუნდელებმა ვეტერანი ხელში აიტაცეს.
უცხოურმა მედიამ კი პარალელი იკერ კასილიასის წასვლასთან გაავლო და სამეფო კლუბი მკაცრად გააკრიტიკა. იკერ კასილიასმა მადრიდის რეალი საგანგებოდ გამართული პრესკონფერენციის შემდეგ დატოვა, სადაც მან ემოციები ვერ მოთოკა და ატირდა. რეალის ლეგენდარულ მეკარეს ბოლო მატჩებში სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი აუდიტორია უსტვენდა კიდეც. მოკრძალებულად გააცილეს კლუბის ლეგენდარული კაპიტანი. სხვადასხვა გამოცემამ ასევე, რეალიდან რაულის წასვლის დეტალებიც გაიხსენა და ბლანკოსს თავისი ლეგენდების პატივისცემისკენ მოუწოდა.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. 2013 წელს მადრიდის რეალი მოურინიოს ხელმძღვანელობით, სტუმრად ვალენსიას წინააღმდეგ თამაშობდა. სწორედ ამ მატჩში ალბელოამ ბურთთან ერთად ფეხი კასილიასის მარცხენა ხელს მოარტყა და მეკარეს სერიოზული ტრავმა მიაყენა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის კურსის შემდეგ იკერმა ძველებური ფორმის აღდგენა ვეღარ მოახერხა. ამას მოჰყვა ჟოზე მოურინიოსთან კონფლიქტიც, პორტუგალიელ მწვრთნელს მხარს ღიად უჭერდა ალვარო არბელოაც. ამის გამო ფეხბურთელები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ და დღემდე არ აქვთ კონტაქტი.