საქართველოს 16-წლამდე ნაკრები უკრაინაში გამართული ვიქტორ ბანიკოვის მემორიალური ტურნირის გამარჯვებულია.
გურამ ასპინძელაშვილის მიერ მომზდებულმა გუნდმა ფინალურ მატჩში ისრაელის ნაკრები პენალტების სერიაში 4:2 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 2:2 დასრულდა. საქართველოს მხრიდან გოლები თეიმურაზ გაბუნიამ და ანზორ მექვაბიშვილმა გაიტანეს.
თასის გარდა საქართველოს ნაკრებმა ინდივიდუალური პრიზებიც მოიპოვა: დემეტრე ბულისკერია ტურნირის საუკეთესო მეკარე გახდა, ხოლო ივა გელაშვილი - საუკეთესო მცველი.
საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა ტურნირი წაუგებლად ჩაამთავრა: ისრაელამდე ჯერ ჩეხეთთან 0:0 ითამაშა, ლატვიას და მოლდოვას კი, შესაბამისად, 1:0 და 4:0 მოიგო.
წყარო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია