ფეხბურთის ქართველი სპეციალისტი, თემურ ქეცბაია ათენის აეკის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა საბერძნეთის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბთან ორ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
"დიდი მადლობა ყველას ვინც ნდობა გამომიცხადა და მომეცა შესაძლებლობა, დიდი გუნდის მწვრთნელი გავმხდარიყავი. ჩვენ ბევრი უნდა ვიმუშაოთ, რომ მსოფლიომ ისეთი აეკი ნახოს, როგორსაც ელის. მოთხოვნები მაღალია და გპირდებით, რომ ბევრს ვიშრომებთ. ჩვენ ამბიციური გუნდი ვართ და კარგად ვიცით, რა გვაკლია. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ თუ მოვინდომებთ, ყველაფერი გამოგვივა," - განაცხადა ქართველმა.
ქეცბაია ფეხბურთელობის პერიოდში აეკის ღირსებას 1994-1997 წლებში თამაშობდა და ჩატარებულ 119 მატჩში 39 ბურთი გაიტანა. მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ქეცბაიამ სტელიოს მანოლასი შეცვალა, რომლის ხელმძღვანელობითაც ათენის გუნდმა გასულ სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა.