16 ნოემბერი 2024,   14:08
ვრცლად
კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ კლუბ ბასკონიასთან გაფორმებული კონტრაქტის დეტალები გაასაჯაროვა

ბასკონიასთან გაფორმებული კონტრაქტი ერთ კვირაზე მეტია დავის საგანია, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კონტრაქტის ხელმოწერას ფედერაციის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი კახა შენგელიაც ესწრებოდა და მაშინ მას კონტრაქტის დეტალებზე პრეტენზია არ ჰქონია.

ფედერაციის გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება ქართული კალათბურთისთვის მომგებიანია და ამ პროგრამის დისკრედიტაცია გეგმაზომიერად ხდება. ხელშეკრულების დეტალების გაცნობის შემდეგ მის ეფექტურობაში დარწმუნებული არიან გამგეობის წევრი ვეტერანი კალათბურთელებიც.

საკალათბურთო კლუბ ვითას პრეზიდენტის მოთხოვნებს დაემთხვა კალათბურთის ფედერაციასთან მიმდინარე საინიციატივო ჯგუფის აქცია. აქციის ორგანიზატორები ფედერაციის ხელმძღვანელობის გადადგომასა და რიგგარეშე ყრილობის მოწვევას ითხოვდნენ. აქციის რამდენიმე ორგანიზატორი ერთი წლის წინ ფეხბურთის ფედერაციასთან ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის სახელით მართავდა ანალოგიურ აქციას.

საკალათბურთო კლუბმა ბასკონიამ კალათბურთის ფედერაციას ოფიციალური წერილით მიმართა, სადაც ნათქვამია, რომ მსგავსი ავტორიტეტის მქონე კლუბისთვის შეურაცხმყოფელია ყველა ის ბრალდება რომელიც ამ გუნდსა და ფედერაციას შორის გაფორმებული კონტრაქტის შესახებ გაისმა.

ავტორი: დავით ერაძე.

 

დღის ამბები